ახალი ამბები
გორში 9 აპრილის მემორიალთან სამგლოვიარო ღონისძიებების გამართვა დაიწყო
გორში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება 11:30 წთ-ზე დაიწყო.

პარალელურად, გორის მერიისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები იკრიბებიან, რომლებიც ამავე მემორიალთან მისვლას 12 საათზე გეგმავენ.

სკვერი 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ქუჩას 1989 წლის 23 მაისამდე კავშირის ქუჩა ერქვა.

,,1989 წლის 23 მაისის აღმასკომის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ თანამემამულეთა უკვდავსაყოფად ქ. გორში კავშირის ქუჩას 9 აპრილის ქუჩა, ხოლო ქუჩის მიმდებარე სკვერს 9 აპრილის სახელობის სკვერი ეწოდა." - აღნიშნავს გორის არქივის თანამშრომელი ქეთევან მაჭარაშვილი.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები