ახალი ამბები
ხაშურელმა ექიმებმა პენსიონერი ოჯახი მძიმე სენის წინაშე მარტო დატოვეს
სოფელ ზემო ბროლოსანში მცხოვრებ შალვა მულაძეს ხაშურის საავადმყოფოს ექიმები ვერ დაეხმარნენ და 8-დღიანი მკურნალობის შემდეგ მეუღლეს სახლში გაატანეს. 63-წლის მამაკაცი ტკივილებისგან იტანჯება.

მეუღლე მარინა მულაძე ამბობს, რომ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისში, სპეციალურ კლინიკაში არ გადაიყვანეს და ეს ვალდებულება ოჯახს დააკისრეს. სოფელ ზემო ბროლოსანში ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობს.

,,სასწრაფო დახმარების ბრიგადით წავიყვანეთ ხაშურის საავადმყოფოში. ვერ იგებდნენ, ზუსტად რა სჭირდათ. ბოლოს, ძლიერი გამაყუჩებელი გაუკეთეს და ამით დაუამეს ტკივილები. 8 დღე დავყავით კლინიკაში. ჩვენ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გვაქვს. არ მოგვანიჭეს ქულები. არც სოფელია მთის ზონაში. ამიტომ, ჩვენი პენსიის ამარა ვართ დარჩენილი. წასაყვანია თბილისშიო, მითხრეს ექიმებმა. ჩამოვიდა ჩემი სიძე და ცდილობს, ის დამეხმაროს." - ამბობს მარინა მულაძე.

მულაძეების ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნეს, იმის გამო, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ფართობი საკმაოდ დიდია. თუმცა, ოთახები ცარიელია.

,,სკამიც კი არ გვაქვს ნორმალური. სასწრაფოს ექიმები რომ მოვიდნენ, სკამიც კი არ მქონდა წესიერი, რომ დამსხდარიყვნენ. რა ნახეს ჩემ სახლში ისეთი, რომ ქულები არ მოგვანიჭეს? ჩემი სამი თვის პენსიით როგორ ვებრძოლო ჩემი მეუღლის ავადმყოფობას?" - ამბობს მარინა მულაძე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები