ახალი ამბები
ეღირსება თუ არა ატენს სასმელი წყალი? - საკრებულოს წევრები სოფელს ესტუმრნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენს საკრებულოს წევრები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრები ავრცელებენ.

მათი თქმით, სტუმრებმა ის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომელიც 2016 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დამთავრდა. საქმე ეხება სასმელი წყლის მილიონიან პროექტს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილს ამავე სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ვანიშვილმა უმასპინძლა. მიხეილ გოგინაშვილის ცნობით, ადგილზე მოსახლეობისგან, სოფლის პრობლემების შესახებ, ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ატენში მიმდინარე სასმელი წყლის რეაბილიტაცია არის ის პროექტი, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშის წარდგენის დროს, საუბარს ერიდებიან. 

ამჯერად, პროექტის მესამე ეტაპის დასრულების ვადა მაისამდე გადასწიეს. სამშენებლო კომპანია ,,ნიუმშენის" დირექტორის მიმართვის საფუძველზე, მერიამ მესამე ეტაპის დასასრულის თარიღი 15 მაისით განსაზღვრა. მესამე ეტაპი ჯერ 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ - 23 მარტს. ამჯერად, 15 მაისს.

პარალელურად, ატენში საჭირო გახდა მეოთხე ეტაპის სამუშაოების ჩატარება. მთავრობამ თითქმის ნახევრი მილიონი ლარი, სათავეში დაკარგული გრუნტის წყლის მოსაძებნად, გამოყო.

სოფელ ატენში სასმელი წყლის პროექტი 2016 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე გააკეთეს მთავარი მაგისტრალი, რეზერვუარები, სათავე ნაგებობა. მესამე ეტაპზე კი, გამრიცხველიანება და დარჩენილი უბნების დაქსელვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები