ახალი ამბები
ქალი, რომელიც სურამში გირჩებს აგროვებს
78-წლის ნარგიზა ნიორაძე სურამში ცხოვრობს. ის ნაძვნარსა და ფიჭვნარში თითქმის ყოველდღიურად გირჩებს აგროვებს.

ხმელ ნაყოფს აგროვებს და ყიდის. ამბობს, რომ ერთ ტომარა გირჩს 2 ლარად აბარებს.

,,ამ საქმეს დიდი ხანია მივდევ. 45 წელია სურამში ვცხოვრობ. არც სახლი მქონდა, არც შეშა. პატარა შვილებთან ერთად ტყეშიც დავდიოდი ხოლმე. დიდ ხეებს როცა ჭრიდნენ, ტოტები ადგილზე რჩებოდა. მე ტოტებსაც ვაგროვებდი და გირჩებსაც. ჩემი დამხმარე არასდროს არავინ ყოფილა." - ამბობს ნაირა ნიორაძე.

მისი საცხოვრებელი სახლი, სურამში, ციხის ძირში მდებარეობს. ამჯერად, ის პრობლემა აწუხებს, რომლის მოგვარებას ციხისძირელები დიდი ხანია ითხოვენ.

,,ჩვენი სახლი ისეთ ადგილას მდებარეობს, იქ სულ ქვები ცვივა. ეს ქვები სურამის ციხის კედლებიდან იყრება. იმ დღესაც ერთი გოგო გადარჩა, გვერდით ჩაუქროლა ქვამ. წლებია ამ საქმეს დავდევ. რამდენი გამგებელი გამოიცვალა, მაგრამ არ ეშველა არაფერი. რამდენიმე დღის წინ, გუბერნატორი იყო მოსული ჩვენ უბანში. მე ვუთხარი, გვერდით ვინც გიყენია, მაგ ხალხთან ამ საკითხზე ბევრჯერ ვიყავი მისული-მეთქი. ხელი გადამხვია გუბერნატორმა და მითხრა - ბებო ამ საქმეს მოვაგვარებთო. რა ვიცი, აბა, მოაგვარებენ?' - ამბობს ნარგიზა ნიორაძე.

შვილები, რომლებთანაც წლების განმავლობაში გირჩებს აგროვებდა, ამჯერად, დაოჯახებულები არიან. ნარგიზა ნიორაძე ამჯერად შვილიშვილების სწავლა-განათლებაზე ზრუნავს. გირჩის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით ცდილობს შვილების ოჯახებს დაეხმაროს.

,,ახლა რასაც გავყიდი, იმ ფულით, სააღდგომოდ ვიყიდი პროდუქტებს." - ამბობს ნარგიზა ნიორაძე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები