ახალი ამბები
1 წელიწადში გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან 3,2 მლნ ლარი შეგროვდა
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ბოლო ერთ წელიწადში, ჯარიმებიდან 3,2 მლნ ლარი შევიდა. ამის შესახებ საკრებულოს წევრებს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის დროს, მერიის წარმომადგენელმა განუცხადეს.

2018 წლის ანგარიშის მიხედვით, გეგმით 1,7 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. მერიის ტრანსპორტირების სამსახურის უფროსი, არჩილ განჯელაშვილის განცხადებით, მობილიზებულია ძირითადად საპატრულო ჯარიმები.

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის მონაცემები უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდის. მიუხედავად, მკაცრი საჯარიმო პოლიტიკისა, ავტოსაგზაო შემთხვევები და დაჯარიმებულ მძღოლთა რაოდენობა მკვეთრად არ იცვლება.

ამ პრობლემის თაობაზე ,,ქართლის სტუდიის" გადაცემაშიც სტუმრებმა - მერიის ტრანსპორტირების სამსახურის უფროსმა არჩილ განჯელაშვილმა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტმა, გიორგი გიორგაძემ ისაუბრეს.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2018 წელს, შიდა ქართლში, 405 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, ავარიის შედეგად სულ 47 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 694. (2017 წელი - ავარია 422; გარდაიცვალა - 65; დაშავდა - 648)

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებს. საანგარიშო პერიოდში 1351 მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. (2017 წელს - 1565).

2018 წელს შიდა ქართლში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემტხვევების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

უწყებამ სტატისტიკა ორ ნაწილად დაყო, ერთი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, ხოლო მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებულ ნაწილს მოიცავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები