ახალი ამბები
საკრებულოს ბიურომ საპრემიო ფონდი დაიმტკიცა

 

,,ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტი ისე დავამტკიცეთ, იქ საპრემიო თანხა არ იყო გათვალისწინებული. ამჟამად, ჩვენი მხრიდან მოხდა საკითხის ინიცირება, რაც შესაბამისად, ბიურომ დაამტკიცა" - განაცხადა რეზო გოგიაშვილმა.

 

ჩვენს კითხვაზე, ,,ქამრების შემოჭერის პოლიტიკის" პირობებში, საჭიროა თუ არა პრემიები, რეზო გოგიაშვილი გვპასუხობს: - ,,რატომაც არა"

 

ჯერ კიდევ, 2015 წლის დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა თვლიდა, რომ არ იყო საჭირო პრემიები, არც ერთჯერადად და არც 7-ჯერ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი, სახელმწიფო და თვითმმათველ უწყებების ხელმძღვანელებს უფლება მიეცათ, წელიწადში მაქსიმუმ 7-ჯერ, თანამშრომლების წახალისების მიზნით, პრემიები გასცენ.

 

ამ მხრივ გორის მუნიციპალიტეტი ინოვატორი აღმოჩნდა, არა იმიტომ, რომ პრემიებზე უარი თქვეს, არამედ იმიტომ, რომ მთლიანი საპრემიო თანხების გადაქაჩვა სახელფასო ფონდში  სცადეს.  ეს მცდელობა 2014 წლის დეკემბერში კომისიების გაფართოებულ სხდომაზევე ჩავარდა. საკითხი არ გავიდა ასევე იანვრის ბიუროს სხდომაზეც.   გამგეობის ინიციატივა საკრებულომაც ჩააგდო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა (ხელფასების მატება გამგებელს არ ეხებოდა) ვერც ხელფასი მოიმატეს, აღარც საპრემიო ფონდი გააჩნდათ.

 

გამოსავალი მოიძებნა. 2015 წლის 5 მარტს გამგეობის ინიცირებით, წინასწარ გაზრდილი სახელფასო ფონდიდან უკვე ჭარბად მიჩნეული თანხა საპრემიო ნაწილში გადაიტანეს. ყოველ შემთხვევაში ბიურომ, რომლის შემადგენლობაშიც თითქმის ყველა პარტია (ოპოზიცია და პოზიციაც) შედის, ,,ინიციატივა" გამგეობას უკან არ დაუბრუნა.

 

2015 წლის 5 მარტს, ბიუროს წევრებმა, პრემიების დაწესებას დაუჭირეს მხარი, რადგან პრემიების გაცემა მათზეც ვრცელდება. პრემიებს გორის რაიონის ბოლო მოწვევის საკრებულოში გემო პირველად 2014 წლის დეკემბერში ,,გაუსინჯეს"

 

,,როცა შემოდიხარ, უნდა იკითხო" - უთხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა ბიუროს სხდომის დამთავრებისას მოულოდნელად შესულ ჟურნალისტს. დოკუმენტი qartli.ge-მ მაშინ მოიპოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები