ახალი ამბები
,,მალე აყვავდება ნუში" - ერთაწმინდასთან
რკონის გზაზე, ერთაწმინდასთან, 32 ჰა ნუშის ახალი ბაღია გაშენებული. მისი მფლობელები გია და ტატო ჯავრიშვილები არიან.

,,მალე აყვავდება ნუში" - ასეთი წარწერაა გაკრული ბაღის შესასვლელთან. ერთაწმინდიდან რკონისკენ მიმავალ გზაზე მას ყველა გამვლელი კითხულობს:

,,90-იან წლებამდე, მე პირადად, დედაქალაქში ვცხოვრობდი. შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად ისევ ჩემ სოფელში. წარმოშობით ერთაწმინდელი ვარ, სახლი მაქვს ასევე ქვემოთ სოფელში - ახალქალაქში. გადავწყვიტეთ, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილზე ნუშის ბაღი გაგვეშენებინა" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი. ბაღში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები. ისინიც ერთაწმინდელები არიან.

მისი თქმით, საწარმოს მშენებლობა პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში განხორციელდა: ,,ბაღი ძირითადად კომპანია ,,ოფთალმიჯის" და სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გავაშენეთ. ყველანაირი პირობები არსებობს. ორ წელიწადში კი, ნუში აყვავდება და საოცარი სილამაზე იქნება" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი.

ტატო ჯავრიშვილი ამბობს, რომ ,,მალე აყვავდება ნუში" - ს წარწერის ინიციატორია ,,ოფთალმიჯის" ხელმძღვანელი გია ჯავრიშვილი. ,,ასეთი საინტერესო კაცია ბატონი გია და ეს სახელი სწორედ მისი მოფიქრებულია" - ამბობს ტატო ჯავრიშვილი.


p.s. ბაღის სახელი სავარაუდოდ აღებულია ქართული კინოფილმის სახელწოდებიდან: ,,როცა აყვავდა ნუში". ეს ფილმი 1972 წელს ლანა ღოღობერიძემ გადაიღო. სიუჟეტის მიხედვით, ზურა მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი კი ველოსიპედისტთა შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და შეჯიბრში ისევ ჩაასმევინებს, ზურა შეჯიბრში წააგებს თუმცა მამა ამ საკითხსაც მოუგვარებს და ზურას შეჯიბრის გამარჯვებულად გამოიყვანს. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნის, თუმცა ვერაფერს ამბობენ. ხათუნა ზურას ამ საქციელის გამო გააკრიტიკებს და შეეცდება მამის ზეგავლენიდან გამოიყვანოს.  ბოლოს შვილი მამას აუმხედრდება და გადაწყვეტს, რომ დანაშაული აღიაროს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები