ახალი ამბები
ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს
ხაშურის ბაზარში მოვაჭრე, ავნევიდან დევნილი მარინე ქარქიშვილი აცხადებს, რომ დირექტორი პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროვებს. ამის შესახებ მარინე ქარქიშვილი შიდა ქართლის საინფორმციო ცენტრს ესაუბრა.

მისი თქმით, ბაზრის დირექტორის ხათუნა მაცაბერიძის მხრიდან წლებია შეურაცხყოფას და დამცირებას ისმენს.

"პიროვნულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვერ მიტანს. თვითონ ასე გამომიცხადა. 10 წელია ხაშურში დევნილთა საცხოვრებელში ვცხოვრობ, თავს და ოჯახს ვაჭრობით ვირჩენ. ყავასა და წვენებს ვყიდი ხაშურის ბაზარში, დირექტორი კი ყოველ დღე დაცვის თანამშრომლებს მიგზავნის და ვაჭრობას მიკრძალავს, მეუბნება წვენები მაღაზიის კედელზე ნუ გაქვს მიყუდებულიო. ჩემი ქმარი გორის სატანკო ბატალიონში მსახურობდა, 3 წელი ცხინვალში ტყვედ ჰყავდათ. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მე ვარ და როდემდე გავიძლებ დირექტორის მხრიდან ზეწოლას, არ ვიცი. პოლიციაც გამოვიძახე რამდენჯერმე, მაგრამ სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და ვერ ჩაერეოდნენ, დამეხმაროს ვინმე" - განუცხადა ქარტლი.გე-ს მარინე ქარქიშვილმა.

ხაშურის ბაზრის დირექტორი ხათუნა მაცაბერიძე კომენტარს არ აკეთებს. მისი იურისტის თქმით, ამ საკითხზე მათ საუბრის სუვილი არ აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები