ახალი ამბები
შშმ პირთა კუთვნილ ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა იზრდება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება.

ამის შესახებ ცვლილებები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. ცვლილების მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 50 ლარით განისაზღვრება. ნორმა როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში გავრცელდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ ადგილს იკავებენ ტაქსის და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რის შედეგადაც ადგილზე მისულ შშმ პირს უხდება იმის განმარტება, რომ ეს მისი უფლებაა, რაც ხშირად პირადი შეურაცხყოფის და ღირსების შემლახავი ინციდენტებით სრულდება.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი რატი იონათამიშიშვილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები