ახალი ამბები
სათბური ნიქოზში - ფერმერი ყვება ქართული ბაზრის თავისებურებების შესახებ (VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მცხოვრებ გიორგი ნამორაძეს 3 წელია სათბური აქვს. დახმარება ისრაელის მთავრობისგან მიიღო. ერთი სათბურის გარდა, მან საკუთარი ოჯახის შემოსავლებით, კიდევ ორი სათბური გააკეთა. თუმცა, ამჯერად, მხოლოდ ერთი მუშაობს ნახევარი დატვირთით.

გიორგი ნამორაძე ხსნის იმ ვითარებას, რაც მას პროდუქციის რეალიზაციის დროს ქართულ ბაზარზე დახვდა.

,,პირველ წელს პომიდორი დავრგე. ზუსტად იმ წელიწადს ურთიერთობა გაფუჭდა რუსეთსა და თურქეთს შორის. რუსეთმა თავის ბაზარზე არ შეუშვა თურქული პომიდორი. იძულებული გახდნენ ეს პომიდორი საქართველოში შემოეტანათ. ამან კი, პომიდორის ფასი საკმაოდ დაბლა დაწია და ეს ჩვენს მოსავალზეც აისახა. სათანადო ფასად ვერ გაიყიდა პომიდორი" - ამბობს გიორგი ნამორაძე.

მომდევნო წელს პომიდორის ნაცვლად კიტრი დათესა:

,,არ არსებობს რაიმე სახის ინფორმაცია, რომლითაც გვეცოდინება, თუ სად რა რაოდენობის პროდუქტი ითესება. მეორე წელს კიტრი დავთესეთ. აღმოჩნდა, რომ იმ წელს კიტრის დიდი რაოდენობა ლაგოდეხის რაიონში მოვიდა. 3 ლარი ღგახდა ერთი ტომარა კიტრი. ბუნებრივია ამ ფაქტმაც გვაზარალა" - განმარტავს გიორგი ნამორაძე.

მესამე წელს კი, სალათის ფურცლების მოყვანა გადაწყვიტა, თუმცა, მესამე წელს დასავლეთ საქართველოს ფერმერებმა მოიყვანეს დიდი რაოდენობით სალათის ფურცლები.

,,მიუხედავად ამისა, გაჩერებას არ ვაპირებ. ამჟამად, პომიდორისა და კიტრის ჩითილებს ვამზადებთ. ნაწილი გარეთ დასათესად. ვცდილობთ, ნაადრევად დავთესოთ, რადგან ნაადრევად მოსულ პროდუქტს უფრო მეტი ფასი აქვს" - აცხადებს ნამორაძე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები