ახალი ამბები
ლიზა ჭულუხაძე წეროვანში - შვილის საფლავი აჩაბეთში
ახლა თავის დარდი და სათქმელი ლექსებში გადააქვს. ერთი შვილის, ვაჟის საფლავი აჩაბეთში დარჩა, მეორე შვილი (ქალიშვილი) წეროვანში დაეღუპა. მას მალე სიძე მიყვა. უვლის ობლად დარჩენილ შვილიშვილებს.

მთელი დღე, მეუღლესთან ერთად, თითქმის წეროვანში, ლამაზად მოწყობილ ბაღში ატარებს. ფიქრობს იმ წლებზე, როდესაც მისი ოჯახი დიდი იყო, თანაც იქ, დიდი ლიახვის ხეობაში.

,,სადაც მივდივარ, სადაც მოვდივარ, სიზმრებშიც აჩაბეთს ვნახულობ. მერე რომ მომაწვება ეს განცდები, გადადის ლექსებში. რამდენიმე ზეპირადაც მახსოვს:

მახსოვს როცა დიდ ოჯახში, მრავლად გყვავდა მოხუცები,
გვზრდიდნენ ისე, როგორც გვზრდიდნენ, ნაზარდი და ნალოცები,
ახლა ყველა გაიკრიფა, დარჩა მხოლოდ ხსოვნა მათი.
და ის საქმე, მათ რომ სწამდათ, დღეს სიმართლედ იქცა ხალხში"
- ეს სიტყვები მისი ლექსების კრებულიდან ამონარიდია.

ომი რომ არ ყოფილიყო, მისი ქალიშვილი ცოცხალი იქნებოდა - ფიქრობს ქალბატონი ლიზა, რადგან ომის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა ბევრი ნერვიულობა გადაიტანა, რაც ავადმყოფობის მიზეზი გაჩნდა. გულს ის ფაქტი უამებს, რომ ბიჭის საფლავს, აჩაბეთში, ოჯახის ნათესავი ოსები უვლიან:

,,ჩემმა ნათესავმა ოსმა საფლავზე შვილიშვილი წაიყვანა და მოსუფთავება დაიწყეს. ბავშვს ეკალი შეერჭო და ტირილით უსაყვედურა ბებიას - ეს ვის საფლავს მასუფთავებინო. ეს ლიზა ბებოს შვილის საფლავიაო. ბავშვს უპასუხია, უი, ირაკლი ძიას შვილის საფლავიაო? და ისევ გააგრძელა ბავშვმა საფლავის მოსუფთავება. ერთმა აქაურმა ქართველმა სურათიც გვაჩვენა, ჩვენი საფლავების. არ ვიცი, როგორ და რანაირად მოახერხეს ფოტოს გადაღება, მაგრამ მე ვნახე ჩემი შვილის საფლავი მოვლილი" - ამბობს ქალბატონი ლიზა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები