ახალი ამბები
დღეს გიორგობაა
6 მაისს გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღესასწაული აღინიშნება. ხალხური ,,გიორგობა" სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

ლეგენდის მიხედვით, საქართველოში არსებობს წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო ( წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).
მკვლევართა მოსაზრებით (ივ. ჯავახიშვილი, ვერა ბარდაველიძე და სხვ.), გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.

ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების შესახებ, ინფორმაცია მოიძია. შესაძლოა, ის არასრული იყოს.

იხ. წმინდა გიორგის ტაძრები გორის რაიონში


Print

სტატიის გამოყენების პირობები