ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი დაცვის წევრების მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, ალექსანდრე ინდუაშვილს 17-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

საქმე ეხება 2016 წლის 2 ოქტომბერს, გორში, კეცხოველის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს. საღამოს დაახლოებით 17 საათზე, ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც გორის მერის მაჟორიტარი კანდიდატი, ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა.

,,ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი დაცვის წევრების მოკვლა და ამ მიზნით მან რამდენჯერმე ესროლა დაცვის წევრებს, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ირაკლი ოქრუაშვილს. სროლების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ერთმა დაცვის წევრმა, ხოლო მეორემ - მსუბუქი ხარისხის დაზიანება." - ეს არის პროკურატურის პოზიცია.

ალექსანდრე ინდუაშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი გუნდის წევრების მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და რომ კონკრეტულ შემთხვევაში იგი იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ანუ მისი მოქმედება (იარაღის სროლა) გამოწვეული იყო თავდაცვის სურვილით და მან აუცილებელი მოგერიებით სცადა - საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა, რომელსაც ოქრუაშვილი და მისი დაცვის წევრები თავიანთი აქტიური ქმედებით ხელყოფდნენ.
უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხევაში დაზარალებულებს დაზიანება მიყენებული ექნებოდათ გულმკერდის არეში ან სხვა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას.

,,მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ ალექსანდრე ინდუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ იყო აგრესიული და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას მის მიმართ. ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომლებმა და აქტივისტებმა ინდუაშვილი შეკრების ადგილიდან გაიყვანეს, მანქანასთან მიიყვანეს და სთხოვეს იმ ადგილიდან წასვლა. აღნიშნული გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში. ამ დროს განაწყენებულმა ინდუაშვილმა განიზრახა ოქრუაშვილისა და მისი დაცვის წევრების მოკვლა და ამ მიზნით მან პირდაპირი განზრახვით, ხელთ არსებული იარაღიდან ჯერ რამდენჯერმე ესროლა დაცვის წევრებს, ხოლო შემდეგ ორჯერ ესროლა ირაკლი ოქრუაშვილს." - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო ექსპერტიზის მიხედვით, ალექსანდრე ინდუაშვილს ნაჭდევები აღენიშნებოდა მარჯვენა მუხლის უკანა ზედაპირზე. ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევის ხანდაზმულობაზე მსჯელობა ვერ მოხერხდა, რადგან არ არის მითითებული სამედიცინო ჩანაწერებში ექსპერტიზისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. არ იყო სრული მორფოლოგიური სურათი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები