ახალი ამბები
გორის ისტორიის შესახებ ,,ბილიკის" მოსწავლეებს ლექცია ელდარ მამისთვალიშვილმა ჩაუტარა
საზოგადოება ბილიკი ფონდ ,,ღია საზოგადოების" მხარდაჭერით პროექტს ,,ახალგაზრდები ცვლილებებისათვის" ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელდარ მამისთვალიშვილმა გორის ისტორიის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელდარ მამისთვალიშვილმა ახალგაზრდებთან გორის ისტორიულ წარსულზე,კულტურაზე, არქიტექტურულ ძეგლებსა და იმ ეროვნულ უმცირესობებზე ისაუბრა, რომლებიც გორის ისტორიას ქმნიდნენ.

ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ ხშირად გორის დამაარსებლად დავით აღმაშენებელს ან თამარ მეფეს მოიხსენიებენ. თუმცა ეს მოსაზრება მცდარია და გორი ბევრად უფრო ადრეც არსებობდა. თუმცა ზუსტად რამდენი წლის არის, ამას ვერც თავად იტყვის და არც სხვას შეუძლია.

,,არასწორია მოსაზრება თითქოს გორი დაარსა დავით აღმაშენებელმა. დავით აღმაშენებლამდე მრავალი საუკუნის წინ ის უკვე არსებობდა. ამაზე ის არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებს, რომლებიც გორის ტერიტორიაზე იქნა მიკვლეული," - ამბობს ელდარ მამისთვალიშვილი.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ელდარ მამისთვალიშვილი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს გორის მულტიკულტურულ ცხოვრებაზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის.

,,ამით ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი ვცეთ ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელს, რომლებმაც შექმნეს გორის ისტორია," - ამბობს საზოგადოება ,,ბილიკის" ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები