ახალი ამბები
გორის სასამართლოში 72-მა მოქალაქემ 1 მლნ ლარამდე თანხაზე დავა მოიგო
ფოტოზე: ,,ევროკრედიტის" დირექტორი ქეთევან ყაყიტაშვილი

კომპანია ,,ევროკრედიტს" გორში 72 მოქალაქის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა დააკისრეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლომ დღეს მიიღო.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით (სარეზოლუციო ნაწილი) ,,ევროკრედიტს" დაახლოებით 1 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.

72 მოსარჩელემ ,,ევროკრედიტს" მას შემდეგ უჩივლა, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაზარალებულებს პროცენტის გადახდა შეუწყვიტა. თითოეული მოქალაქის თანხა სხვადასხვა რაოდენობისაა. კომპანიის დირექტორი ქეთევან ყაყიტაშვილი დაკავებულია. მასთან ინტერვიუ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დაკავებამდე ჩაწერა.

,,ჩვენ შეგვეძლო გვეჩივლა კონკრეტული პიროვნებისთვის, რადგან მან შეგვატანინა თანხები. თუმცა რაკი მას, როგორც პიროვნებას, საკუთრებაში ქონებები აღარ გააჩნია, გადავწყვიტეთ კომპანიისთვის გვეჩივლა. როგორც ჩვენ ვიცით, ეს კომპანია ისევ მუშაობს, აქვს ანგარიშები გახსნილი და იქ თანხა ისევ ბრუნავს" - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ასევე სრულად დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი. მოსარჩელეების ინტერესებს იცავდნენ ყოფილი მოსამართლეები: იამზე და ალექსი მარიამიძეები.

ფოტოზე: დაზარალებულთა ადვოკატები იამზე და ალექსი მარიამიძეები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები