ახალი ამბები
გულიკანთუბანში ახალი ჭაბურღილის ამუშავებას 3 თვეა ელოდებიან

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილის ამუშავებას 3 თვეა ელოდებიან. ჭაბურღილი იანვრიდან უნდა ამუშავებულიყო, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს.

გულიკანთუბანი სოფელ ატოცის განაპირა მხარეს მდებარეობს. იქ დაახლოებით 30 კომლია რეგისტრირებული. სახელწოდება ,,გულიკაანთუბანი" მოდის გულიკაშვილების გვარიდან.

სოფელ ატოცში 2018 წლის შემოდგომიდან მეორე ჭაბურღულის მშენებლობა დაიწყეს, რადგან პირველმა ჭაბურღილმა არ გაამართლა. პირველი ჭაბურღილი დაზიანდა, რადგან მილებში ქვიშა დაილექა. 2018 წლის 27 ნოემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალი, მეორე ჭაბურღილის მშენებლობის შესახებ, სოფელში ყოფნისას განაცხადა.

,,საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია და წყლის ჭაბურღილის მშენებლობას, საქროლატოროს მოწყობასა და არსებულ ქსელთან დაერთებას მოიცავს. სამუშაო 2 თვეში დასრულდება და შედეგად, სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს. ძალიან მიხარია, რომ ასე სწრაფად შევასრულეთ დანაპირები, რომელიც ატოცის მოსახლეობას მაშინ მივეცი, როცა აქ რუსულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა ამ სოფელშია დარჩენილი და გამყოფი ხაზის პირას მდებარე კიდევ რამდენიმე სოფელში. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ინტენსიური ტემპით ვმუშაობთ, რათა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ყველგან გადაიჭრას. ამ სოფელს, რომელმაც რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია-მავთულხლართების გაბმა სულ ახლახან იწვნია, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდექით და სოფელს წყალი ძალიან მალე ექნება. ჭაბურღილის მშენებლობის სამუშაოები გუშინ დაიწყო. ქსელი კი უკვე მოწყობილია," – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები