ახალი ამბები
გორის კომუნისტური პარტიის ლიდერს ,,სტალინელები" უპირისპირდებიან
ფოტოზე: ალეკო ლურსმანაშვილი (ავტორი ომარ წოწორია)

გაზეთ "სტალინელის" მე-4 ნომერში გამოქვეყნა მასალა, სადაც მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ კანთელაშვილი საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ქალაქ გორისა და გორის რაიონული კომიტეტის წევრებს და მათ ხელმძღვანელს ალეკო ლურსმანაშვილს "კაპიტალისტობაში" სდებს ბრალს.

"ალეკო ლურსმანაშვილი, ჩვენი ღრმა რწმენით, არის კაპიტალისტი, რაც სოციალური მოძრაობისთვის მიუღებელად მიგვაჩნია" - წერია გაზეთში.

თენგიზ კანთელაშვილი კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს რეაგირებას და საპასუხო წერილის გამოქვეყნებას სთხოვს.

"სტალინელში" ასევე 2019 წლის 20 აპრილს გორში გამართულ შეხვედრის შესახებაც წერენ, სადაც ნათქვამია რომ "სიტყვაში გამომსვლელთა მხრიდან ძირითადი აზრი იკვეთებოდა კაპიტალიზმის შელამაზებაზე, მუშების, გლეხების და მდიდართა კლასების ურთიერთობაზე, მშვიდობიან ცხობვრებაზე."

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ალეკო ლურსმანაშვილს დაუკავშირდა, როგორც გაირკვა კომუნისტური პარტიის წარმომადეგნლისთვის კანთელაშვილის პრეტენზიები ცნობილია.

"ეს საქმე ცენტრალურმა კომიტეტმა განიხილა და მე დამტოვეს პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი და ეს თენგიზ კანთელაშვილის აზრია ჩემზე. ნეტავ მართლა ვიყო კაპიტალისტი, რომ დავეხმარო გაჭირვებულებს. პარტია არ განიხილავს ჩემს ჩამოშორებას " - უთხრა ქარტლი.გე-ს ლურსმანაშვილმა.

გაზეთი "სტალინელი" საქართველოს მშრომელთა პოლიტიკურ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელი თენგიზ კანთელაშვილია. გაზეთი თვეში ერთხელ გამოდის. ორგანიზაციის წევრები ყოველ ოთხშაბათს სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში იკრიბებიან და გორის ცენტრალურ მოედანზე "ბელადის" ძეგლის დადგმას ითხოვენ.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები