ახალი ამბები
რა წაიღეს გორიდან ბათუმის გამოფენაზე
ბათუმში საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიმართა. გამოფენა 10-12 მაისს მიმდინარეობდა.

გორიდან აჭარაში 13 კაცი, ხაშურიდან 4, ქარელიდან 3, კასპიდან 8 წარმომადგენელი იმყოფებოდა.

გორიდან 13-კაციანი შემადგენლობით ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დაფინანსებით გაემგზავრა. სააგენტოს დირექტორის, გიორგი ქვათაძის თქმით, დელეგაციაში მათი თანამშრომლების გარდა, მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

,,ჩვენ წავიღეთ ხელნაკეთი ნივთები. დელეგაციაში იყვნენ მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები" - აცხადებს გიორგი ქვათაძე. მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციაში (რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატი) იციან.

რწმუნებულ-გუბერნატორის პრეს-სამსახურის ცნობით, ბათუმში მხოლოდ გუბერნატორის მოადგილე იმყოფებოდა: ,,გავარკვევთ დეტალებს დელეგაციის შემადგენლობის შესახებ." - დაგვპირდა პრეს-სამსახურის წარმომადგენელი. ბოლოს კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ქეთი დვალიშვილთან დაგვაკავშირეს:

,,საერთაშორისო ფორუმზე სააგენტოდან იყო 8 ადამიანი, გუბერნატორის ადმინისტრაციიდან 2, ერთი ადამიანი იყო მერიიდან და ერთიც კერამიკოსი გივი ტატულაშვილი, რომელმაც მასტერკლასი ჩაატარა" - გვითხრა ქეთი დვალიშვილმა.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ქარელის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, მერი არხოშაშვილის ცნობით, ბათუმში 3-ნი წავიდნენ. ,,აქედან ორი ბრეთიდან იყო. ისინი ვაშლის ძმარს აწარმოებენ და გამოფენაზე წაიღეს" - აცხადებს მერი არხოშაშვილი.

ხაშურის კულტურის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე აცხადებს, რომ ხაშურის დელეგაცია 2 ოფიციალური წარმომადგენლით და ორიც მცირე მეწარმით იყო წარდგენილი: ,,წავიყვანეთ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ნაზუქის გამოცხობა და ამის დემონსტრირება მოვახდინეთ" - აცხადებს ფრუიძე.

საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო კასპის დელეგაცია. კულტურის სამსახურის უფროსი, თეო ხორბალაძის ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს ღვინის მარნის მეპატრონე, წნულების ოსტატი და ფოტოგრაფი. ,,სულ 8-ნი ვიყავით" - აცხადებს თეო ხორბალაძე.

გამოფენის შესახებ:

სამდღიან გამოფენებში მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გერმანია, ბელორუსი, ჰოლანდია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.

ორგანიზატორთა განცხადებით გამოფენების ძირითადი მიზანია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმისა და სემედიცინო სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების, საინფორმაციო ტურების მოწყობა, ახალი კონტაქტების დამყარება.

მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენა "EXPO BATUMI თღAVEL/EXPO MED BATUMI 2019", ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", 10 მაისს, დილის 12 საათზე გაიხსნა.

გამოფენის ძირითადი მიზანია ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, ინოვაციების დანერგვა, საინფორმაციო ტურების მოწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები