ახალი ამბები
,,მიწის ნაკვეთის გასხვისება სურთ" - გორში ფიჭვს ნავთი მიასხეს
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე პატარა სკვერი შესაძლოა გასხვისდეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს.

მათი თქმით, ფიჭვს ნავთი უცნობმა პირებმა ღამით მიასხეს. ,,გახმობის შემთხვევაში ადვილია შემდეგ მისი მოჭრა" - აცხადებენ ადგილობრივები.

სკვერში ერთი ნაძვი და ერთი თუთის ხე დგას.

ყოველ საღამოს სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები ამ პატარა სკვერში იკრიბებიან. ტერიტორია სტალინის მუზეუმის გვერდით, სუპერმარკეტ ,,ნიკალასთან" მდებარეობს.

,,ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ეს პატარა ადგილი გაიყიდოს ან გასხვისდეს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მოვიტანეთ დიდი ქვა და დავდგით. ასევე დავრგავთ ნერგებს, რათა ხეებმა გაიხაროს" - აცხადებს სკვერის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქე.

გორის მერიაში აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ კომისიაში შესულია განცხადება ფიჭვის მოჭრის მოთხოვნის თაობაზე:

,,მერიაში განცხადებაა შემოსული. თუ ვინ შემოიტანა, ამის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამო, ვერ მოგავწდით ინფორმაციას. მოთხოვნის მიხედვით, აღნიშნულია, რომ ფიჭვი გამხმარია" - აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.

კომისიის თავმჯდომარე თემურ კალმახელიძე აცხადებს, რომ კომისიაში არავითარი განცხადებაა შესული.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები