ახალი ამბები
ოსური ენის დღე შავშვების სკოლაში (VIDEO)
მე-7 კლასელი ანა ბერუაშვილი უკვე მესამე წელია ოსურ ენას სწავლობს. ოსურის სწავლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი მეგობრები აქტიურად არიან ჩართული სწავლის პროცესში. ასევე, სურს, რომ ცხინვალში დარჩენილ ახლობელს ოსურ ენაზეც ეკონტაქტოს.

შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის სწავლების პროცესი უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს. პედაგოგის, ქეთევან ქუმარიტოვის თქმით დაინტერესება გაზრდილია.

"პირველ წელს 10 მოსწავლე მოვიდა, ახლა მათი რიცხვი შედარებით მაღალია. ბავშვებს სურთ ისწავლონ ოსური, რათა კომუნიკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩანილ ნათესავებთან უფრო გაუადვილდეთ" - ამბობს პედაგოგი.

შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე აღნიშნეს, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანმასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მაოდგილე და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი ესწრებოდნენ.

"სამწუხაროდ, საქართველოში ოსური ენის პედაგოგების დეფიციტია, ადრე თუ მხოლოდ რამდენიმე სკოლაში ისწავლებოდა ოსური ენა, ახლა სკოლების რიცხვი გაზრდილია. შიდა ქართლის გარდა ოსურ ენას კახეთის რამდენიმე სკოლაშიც ასწავლიან. "- განაცხადა ლიკა გიგაურმა.

შეხვედრას ნაირა ბეპიევიც ესწრებოდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოსური ენისა და კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობს. მან შავშვების სკოლის მოსწავლეებს ოსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების წიგნები გადასცა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2015-16 წწლებიდან შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება, სახელდობრ ოსური, ასურული, უდიური, ქურთული (კურმანჯი), ავარული (ხუნძური).

მაგალითად, ჯერ კიდევ, 2014 წლის იანვარში, უჩა ნანუაშვილის ინიციატივით, სახალხო დამცველის აპარატთან დაარსდა საკონსულტაციო, მუდმივმოქმედი საბჭო ოსური ფორუმი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ოსური თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს აერთიანებს და რომლის მიზანიც არის ეთნიკურად ოსი მოქალაქეების უფლებების დაცვა, შეიარაღებული კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენა და ამ მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

იხ. ამავე თემაზე:

ოსური ენის გაკვეთილი ნიგოზას საჯარო სკოლაში


Print

სტატიის გამოყენების პირობები