ახალი ამბები
წნევის გაზომვის აქცია გორში
გორში მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანია ,,მაისი გაზომვების თვე 2019"" გაიმართა. კამპანიის მიზანია მომატებული არტერიული წნევის ანუ არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა და გამოვლენის შემდეგი შეფასება.

აქცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება წნევა გაეზომა, კარდიოგრამა გაეკეთებინა და უფასო კონსულტაცია მიეღო.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მომატებული არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა,სანამ დაზიანდება ე.წ. სამიზნე ორგანოები. ეს გახლავთ თავის ტვინი, გულის კუნთი, თირკმელი, თვალი და აშ. ამ ტიპის მასობრივი გასინჯვის მიზანიც ადრეული გამოვლენაა,გარკვეული მიმართულების მიცემა გამოსაკვლევი პირისათვის თუ მას მომატებული არტერიული წნევა აღმოაჩნდა,ასევე, რეკომენდაციების მიცემა"" - ამბობს დალი ტრაპაიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი და ,,მაისის გაზომვების თვე"" კამპანიის წარმომადგენელი საქართველოში.

აქციაში მოხალისე ექიმები მონაწილეობდნენ. მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

,,დაჯერებულად მივედი ექიმთან. გამისინჯა წნევა. მე ვამბობდი, არა მაქვს მეთქი, თურმე მქონია. დღემდე წნევა არ გამისინჯავს. ისიც კი მითხრეს, რა უნდა დავლიო,რომ ნორმა გახადოს. ესეთი გასინჯვები ორგანიზაციებში,სასწავლებლებში,სკოლებში ხშირი უნდა იყოს"" - ამბობს ზურაბ წულაია, რომელმაც სკრინინგის პროგრამით ისარგებლა.

17 მაისი არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა,რომელსაც მსოფლიოს ასამდე ქვეყანა ყოველ წელს აღნიშნავს და საქართველო მათ რიცხვს 2017 წელს შეუერთდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტის დალი ტრაპაიძის თქმით 2018 წლის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა გამოკვლეულ პირთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა.

,,ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს . 2017 წელს 6 ათასამდე ადამიანი იყო გამოკვლეული, 2018 წელს კი 11 ათასი. 2018 წლის მონაცემით ჩვენი ქვეყანა გამოკვლეულ პირთა რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა"" - ამბობს დალი ტრაპაიძე.

გორში კამპანია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კოორდინირებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები