ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულეს
წაღვლის თემში შემავალი ყველა სოფელი სარგებლობს მაღალმთიანი სოფლის სტატუსით. სოფლები გაზიფიცირებულია. თემი საკმაოდ მოშორებულია რაიონული ცენტრისგან და ზღვის დონიდანაც საკმაოდ მაღლა მდებარეობს. სოფლებისკენ მიმავალი გზა სავალალო მდგომარეობაშია, ისევე როგორც შიგნით სოფლებში არსებული გზები. მათზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური ხდება წვიმიან ამინდში, ხოლო ზამთარში ბევრ სოფელში საერთოდ შეუძლებელია ტრანსპორტით მისვლა.

თემის ყველა სოფელში ერთად დაახლოებით 1200 ოჯახი ცხოვრობს. გამყოფ ხაზთან მდებარეობის მიუხედავად ადგილობრივების განცხადებით მათ სოფლებში არ ყოფილა უკანონო დაკავებების ან გატაცების ფაქტები.

მიგრაცია ამ თემის ყველა სოფელში უდიდესი პრობლემაა. შესაბამისად, შობადობაც საკმაოდ დაბალია. ყველა სოფლის მკვიდრის ერთადერთი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა - მოყავთ სიმინდი და ხორბალი; ხილი ნაკლებად. წაღვლის ამბულატორიის თანამშრომლებმა, რომლებიც მთლიან თემს ემსახურებიან, აღნიშნეს რომ 2018 წელს მთელ თემში მხოლოდ 12 ბავშვი დაიბადა. 2019 წელს კი საერთოდ არ დაბადებულა ბავშვი.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებლა პროექტის "უფასო იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი" ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულეს.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები შედიან წაღვლის თემში: წაღვლი, ყობი, კლდისპირი და ჩორჩანა. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს ახორციელებს ფონდის, ეროვნული წვლილი დემოკრატიაში (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები