ახალი ამბები
"მე შენი მეგობარი ვარ" - სოლიდარობა ღამით
გორში ღამით სტიკერები გააკრეს. ამ გზით ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. qartli.ge ესაუბრა თინა თაყაძეს, რომელმაც სტიკერების გაკვრაში მონაწილეობა მიიღო.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და აქტივისტებმა, თბილსში 17 მაისთან დაკავშირებით, სტიკერები გავაკარით, შემდგომ კი ჩემი სურვილით, გორის ქუჩებში, ჩემ მეგობრებთან ერთად შემდგომი შინაარსის: "მე შენი შვილი ვარ", "მე შენი მეგობარი ვარ", "ჩვენ ერთად ვიმგზავრეთ", ჩვენ ერთად ვმუშაობთ" ,,მეც შენსავით მტკივა" განვათავსეთ." - ამბობს თინა თაყაძე.

მისი თქმით, 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ აქცია.

,,საკუთარ ძალადობას სხვა ადამიანებისადმი, სიძულვილს და დევნას დღესასწაული დაუწესეს. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც მხოლოდ იმის გამო ჩაგრავენ, რომ არ ეთანხმებიან მათ მოსაზრებებსა და აწუხებთ, ის რომ არსებობენ. ამავდროულად, გამიმართლა, რომ გამორჩეული და ერთგული მეგობრები მყავს, მათ შორის, ლგბტ ადამიანები." - აღნიშნავს თინა.

დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველიმა განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ლგბტ+ თემი წელს 17 მაისს ღიად ვერ აღნიშნავს. ეს კი უკან გადადგმული ნაბიჯია. თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების გზაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანი ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, თუმცა ბოლო წლებში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დასაცავად არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს. სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა.

ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია, გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ლგბტ+ პირების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დღის წესრიგი.

ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კი თემის პრობლემების გადაჭრის მიზნით სისტემური ხედვის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე უნდა ჩაერთვნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები