ახალი ამბები
გუბერნატორი და მოსწავლეები ევროკავშირსა და ნატოს შესახებ (VIDEO)
,,ეს თემა იმდენად ღია და გამჭვირვალეა, რომ ევროპასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები აღარც ერთ ასპექტში არსებობს" - აღნიშნა მოსწავლემ, რომელიც დღეს გორის 1-ელ საჯარო სკოლაში გუბერნატორის ჩატარებულ გაკვეთილს ესწრებოდა.

იმ დროს, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა თავისი გამოსვლა დაასრულა და მოსწავლეებს კითხვის დასმა სთხოვა, მცირე ხნით, პაუზა გაკეთდა. დუმილი მედიასექტორის წარმომადგენლების ყოფნას დაუკავშირეს, თუმცა მოზარდებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხში კითხვები მართლაც აღარ არსებობს.

თუმცა ერთ-ერთი მოსწავლე დაინტერესდა იმით, თუ ოკუპაციის პირობებში რამდენად შესაძლებელია საქართველოს გაწევრიანება ნატოში. მოსწავლეებისა და გუბერნატორის პოზიციები ამ საკითხში თანხვედრაში მოვიდა - ქვეყანას გაწევრიანდება ნატოში, თუმცა, ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების პირობებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმ ტერიტორიის უსაფრთხოებაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ოკუპირებული არაა.

დისკუსია მოსწავლეებსა და გუბერნატორს შორის 1-ელ საჯარო სკოლაში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ინიციატივით გაიმართა. გიორგი ხოჯევანიშვილი არაფორმალურ გარემოში ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, განათლების მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრება.

პროექტს ,,დაბრუნება სკოლაში" საინფორმაციო ცენტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ,,ევროპის დღეების" ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მაღალი თანამდებობის პირების მშობლიურ სკოლებში ,,დაბრუნებას" ითვალისწინებს, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ევროპა-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრებიან. დღემდე, ნატოსა და ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების არაერთი წარმომადგენლი ჩაერთო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები