ახალი ამბები
გორში სამხედროთათვის დამზადებული ყალბი ცნობების გაცემის ფაქტზე ექიმი გაამართლეს
,,რეინჯერთა ბატალიონის ექიმი" - მ.ფ. სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 1 მაისს მიიღო.

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო კომისიის წინაშე სამხედრო პირებმა, ექიმის დახმარებით, ყალბი ცნობები წარადგინეს.

კერძოდ, საქმეში 10-მდე პირი ფიგურირებს. პროკურატურის მტკიცებით, ნაწილმა გ. ანწუხელიძის სახელობის სპეციალური დანიშნულების ბრიგადაში კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაწილმა ,,რეინჯერთა ბატალიონში" კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა.

ექიმთა კომისიამ კი, ბრალდებულები, ამ ცნობების მიხედვით, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნო. პროკურატურა აცხადებს, რომ ეს პირები სამხედრო სამსახურისთვის აღარ აკმაყოფილებდნენ პირობებს.

გამოძიებამ ბრალდებულები პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის საფუძველზე (ყალბი დოკუმენტების დამზადება და გასაღება) მისცა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდებულ სამხედროებს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო რეინჯერთა ექიმი უდანაშაულოდ ცნო.

პროკურორმა დავით კვინიკაძემ განაჩენი უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სამხედროთა ახსნა-განმარტების მიხედვით, ექიმის ბრალეულობა იკვეთება. სასამართლომ ახსნა-განმარტებების გამოკვლევაზე უარი თქვა და მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებებით დაკმაყოფილდა. სამხედრო პირები აცხადებდნენ, რომ ყალბი დოკუმენტების მომზადებაში ექიმი არ მონაწილეობდა. მათი განცხადებით, სხვა სამხედროების ცნობები გადააკეთეს და ისე წარუდგინეს ექიმთა კომისიას.

სამედიცინო კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ სამედიცინო კომისია იხილავს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც მათ სამხედრო პირები წარადგენენ. ეს ცნობები შესაძლოა წარდგენილ იქნეს უშუალოდ სამხედრო პირების მიერ ან სხვა ფორმით. სასამართლომ ბრალდების მტკიცება არ გაიზიარა, რომლის მიხედვით, ექიმი, სამხედროთა სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში, დაინტერესებული პირი იყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები