ახალი ამბები
ხაშურში დიმიტრი ყიფიანის ქუჩის ერთ ნაწილს სახელწოდებას უცვლიან
ხაშურის საკრებულოს წევრებმა მოიწონეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქუჩის I ჩიხის მცხოვრებთა მოთხოვნა.

მოთხოვნის მიხედვით, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის (ავარიაში გარდაცვლილ) ნუგზარ ლომიძის სახელი მიენიჭება. ლომიძე 2013 წელს მოადგილესთან ერთად ავტობანზე დაიღუპა.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისიის წევრები მიიღებენ.

,,ეს მოთხოვნა განიხილეს ჯერ კომისიის სხდომაზე, შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე. მოწონებული პროექტი გაეგზავნა შესაბამის კომისიას. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. მე, როგორც ვიცი, ნუგზარ ლომიძე იყო პოლიციის თანამშრომელი და ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა." - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

კიდევ ერთი დეტალი, რაც qartli.ge-მ გაარკვია. სახელი აქვს შეცვლილი გალაკტიონის ქუჩის პირველ შესახვევს.

აღნიშნულ ქუჩას სახელი შეუცვალეს ჯერ კიდევ 2010 წელს და უწოდეს ანტოლ სულავას სახელი. ანტონ სულავა ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობდა სანერგე მეურნეობაში. მოსახლეობის კოლექტიური წერილით ირკვევა, რომ სულავას დიდი ღვაწლი მიუძღვის ტყეების განაშენიანებაში.

ქარტლი.გე დაუკავშირდა იმ პერიოდის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ყოფილი გამგებელი როინ მახარობლიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი არ ახსოვს. ასევე, არ ახსოვს გალაკტიონის ჩიხის სახელის ცვლილების შესახებ, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით ლომიძეს.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები