ახალი ამბები
ოკუპირებულ სოფელ დმენისში სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში სახალხო დღესასწაული აღნიშნეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ტრადიციისამებრ საერთო სუფრა გაშალეს, უფალს ხვავი და ბარაქა შესთხოვეს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, დმენისელებმა ტრადიცია არ დაარღვიეს.

დღესასწაული თითოეულ ოჯახში აღინიშნება. წლევანდელ დღეობას ალბოროვების ოჯახმა უმასპინძლა. სამზადისი დილიდანვე დაიწყო. ამ გვარის სამი წარმომადგენელი თავდაპირველად სოფლის წმინდა ადგილზე მივიდა და მოილოცა.

შემდეგ,დაიწყეს სუფრის გაშლა და ლუდის მომზადება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დმენისში ამჟამად 500-მდე კომლი ცხოვრობს.



დღესასწაულზე ცხინვალელი ჟურნალისტიც იმყოფებოდა, რომელიც ამავე დროს, სოფლის პრობლემებით დაინტერესდა. ის გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს, სვეტა ოსტაევას: ,,მიდით თითოეულ სახლში და ნახავთ, რომ ყველას აქვს შარშანდელი ვაშლი შენახული. თუმცა, ვერ ვახდენთ მის რეალიზაციას" - აცხადებს სვეტა ოსტაევი.

ალბერტ ბესტაევმა განაცხადა, რომ მეფრინველეობის სფეროშიც გარკვეული პრობლემები. ამ პრობლემებს ის მაშინ წააწყდა, როდესაც წიწილების გამრავლებას შეუდგა. ,,ჩემი მთავარი მიზანია, რომ გავყიდო, რაც შეიძლება მეტი კვერცხი და ხორცი. დღესდღეობით, ეს პრობლემაა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მოგვარდება. ჩემი ფრინველი სააზრდობს ნატურალი საკვებით" - აცხადებს ალბერტ ბესთაევი.




დმენისის შესახებ - ისტორიული ცნობები


დმენისი მდებარეობს პატარა ლიახვის ხეობაში. ის სოფელ ვანათს ემიჯნება. ვანათი მთლიანად ქართული სოფელი იყო. დმენისში უმეტესწილად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. ვანათსა და დმენისს შორის ისტორიული ციხე - ვანათის ციხეა აღმართული.

ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას ცნობით, ვანათის (დმენისის) ციხე მე-16 საუკუნეში უკვე მდგარა. ის ქნის ერისთავს ნუგზარს ეკუთვნოდა. ნუგზარმა ეს ციხე მეფისგან მიიღო საჩუქრად, რადგან ციხის ყოფილი, ურჩი მფლობელი დაუმარცხებია. ვახუშტის ცნობით, ნუგზარ ერისთავის პაპა ვანათელი აზნაური ყოფილა.

კიდევ ერთი ცნობა, რომელიც ციხეს უკავშირდება, ლეკების შემოსევას აღწერს. ლეკების შემოსევის დროს, ადგილობრივი მცხოვრებნი ამ ციხეში გამაგრებულან. ერთ-ერთ ქალს ლეკების ბელადი მოწონებია. იქიდან ძაფის გორგალით ბარათი მიუწერია: ძაფის სიგრძე კიბე გააკეთე და ისე ამოხვალ ციხეშიო. ლეკებს ამ გზით აუღიათ ვანათის (დმენისის) ციხე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები