ახალი ამბები
ოლია ბრაგვაძე - ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარი სახლი საგამოფენო სივრცედ აქცია
ჟურნალისტი ოლია ბრაგვაძე ბავშვობიდან ქარგავს. იხსენებს, რომ 4 თუ 5 წლის იქნებოდა, როცა პირველი ხაზების გავლება ისწავლა. მასწავლებელი არ ჰყოლია. ისწავლა მაშინ, როცა მისი ბიცოლა და ბიძაშვილი ქარგავდნენ. შემდეგ ქსოვა შეუყვარდა. მერე ეს საქმეც მიივიწყა.

,,როცა ცხოვრება გაჭირდა, საჩუქრისთვის გავიხსენე. მე ხომ ქარგვა ვიცოდი? მოდი ვიღაცას ვაჩუქებ-მეთქი. მერე ამან დაბადა სურვილი, რომ ჩემთვისაც გამეკეთებინა" - იხსენებს ოლია ბრაგვაძე.

საგამოფენო სივრცე, რომელიც ოლია ბრაგვაძემ საკუთარ სახლში მოაწყო, ათეულობით ნამუშევარს ითვლის. ნამუშევრები 30 წლის მანძილზე დაუგროვდა და ერთი ამდენი კიდევ გაჩუქებული აქვს.

მის ნამუშევრებში ხშირად მგელსა და ცხენს აღმოაჩენთ. ავტორის თქმით მას ეს ორი ცხოველი განსაკუთრებით ხიბლავს. ამბობს, რომ მგელში საკუთარ თავს ხედავს.

,,მგელი თავისი თვისებების გამო მომწონს. მომწონს ოჯახური ცხოვრება მგლებისა. ის წინ იყურება და, რაც მთავარია, არ იწვრთნება და ამაში ვხედავ მსგავსებას, ამიტომაც მიყვარს. ასევე, ცხენები""

ქარგვის დროს ღამეების გათენება მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ამბობს, რომ სულ რამდენიმე შეკვეთა ჰქონდა, საიდანაც მათი ღირებულების ნახევარიც კი არ აუღია.

საქართველოში არაერთი გამოფენა ჰქონდა. ბოლოს საკუთარი სახლის კედლებიც საკუთარი ნამუშევრებით მოქარგა. დათვალიერების მსურველების მიღება ყოველთვის შეუძლია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები