ახალი ამბები
ერთაწმინდელი კარგარეთელები - დამოუკიდებლობისთვის რეპრესირებულნი
სოფელ ერთაწმინდაში დღეს ნინო კარგარეთელის სახლი პატარა მუზეუმადაა ქცეული. შენახულია 100-წლის წინანდელი ნივთები, სკამები, კარადები. და რაც მთავარია იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეწირნენ.

ამ პატარა სოფლიდან იყვნენ ცნობილი ალექსანდრე (საშიკო) კარგარეთელი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის შეფიცული). ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა. საშიკოსთან ერთად, ერთაწმინდის ტყით თურქეთში მისი ბიძაშვილი - პეტიკო კარგარეთელიც გადავიდა.

რაც ყველაზე მთავარია, ორივე შეფიცულს ჰყავდათ ბიძაშვილი - შალვა კარგარეთელი. ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყებამდე, როგორც მენშევიკი, დააპატიმრეს და გააციმბირეს. დღეს მისი შთამომავალი, ნინო კარგარეთელი პაპის მოგონებებს სიამაყით იხსენებს. იქვე აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში, მის წინაპრებს და ოჯახის წევრებს ,,მოღალატეებად" მოიხსენიებდნენ.

ნინო კარგარეთელი - ,,პაპაჩემი შალვა კარგარეთელი დაიბადა 1894 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. ესეც როგორი დამთხვევაა. დაიბადა ქალაქ გორში. წარმოშობა ერთაწმინდიდან აქვს. განათლებულ, წარმატებულ,შეძლებულ ოჯახში. პაპაჩემის მამა, დავით კარგარეთელი გორის რკინიგზის უფროსი იყო. შალვა კარგარეთელი გიმნაზიის მოსწავლე იყო. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა რომ დაიწყო, სტუდენტობის დროს მისმა რაზმმა ააფეთქა რუსეთის არსენალი იარაღის. ზოგი დახვრიტეს, ზოგი ციმბირში გაუშვეს. სტალინის დედა და პაპაჩემის დედა დაქალობდნენ, კლასელები იყვნენ. პაპაჩემი რომ დაუჭერიათ, ბებიაჩემი მისულა სტალინის დედასთან და უთხოვია, გეხვეწები დაეხმარე ჩემ შვილსო, დაიჭირესო და სტალინმა გააციმბირა. 6 წელი იყო ციმბირში."

როდესაც შალვა კარგარეთელი ციმბრიდან დაბრუნდა, მას სახლი აღარ დახვდა, არც თბილისში და არც გორში. მთელი ქონება ჩამორთმეული ჰქონდა. მშობლები გარდაცვლილიყვნენ. ერთადერთ დასაც დევნიდნენ. იძულებული გახდა ერთაწმინდაში ბიძის ძველ სახლში დასახლებულიყო. მან ცხოვრება თავიდან დაიწყო. ნინო კარგარეთელი ამბობს, რომ ფაქტობრივად ერთაწმინდამ გადაარჩინა პაპა:

,,მე მესაიდუმლედ ვყავდი ხოლმე, პატარა ბავშვი. რაღაცეებს მიყვებოდა. მაგალითად, იქ ციმბირში ვინ უყვარდა. სხვათა შორის, გადასახლებაში ერთი კაზაკი, არისტოკრატი ქალი ყოფილა. ისეთი ლამაზი ქალი იყო, შლიაპით და პაპაჩემს ყვარებია".

ნელი ბიჭიკაშვილი - შალვა კარგარეთელის რძალი: ,,შალვას გაკეთებული არის ეს პატარა კარადა, ძველი ნივთები რაც გვაქვს, ყველაფერი იმის ნახელავია. გარდაიცვალა 91 წლის ასაკში, 1984 წელს. სტალინს თუკი ადღეგრძელებდნენ ხოლმე, კულტურული კაცი იყო და არ უნდოდა ცუდის თქმა, ადგებოდა სუფრიდან, გავიდოდა. იმიტომ რომ ნაცნობები იყვნენ რაღაცა და ალბათ არ უნდოდა ცუდის თქმა".

,,გადასახლების შემდეგ, აქ რომ ჩამოვიდა პაპაჩემი, მაინც ძალიან დევნიდნენ. ,,კაგებე" ძალიან სდევნიდა. არც სამსახური ჰქონდა. ერთაწმინდამ გადაარჩინა. აქ რომ ამოვიდა, მეზობლებისგანაც დაცინვა იგრძნო, ეძახდნენ ნაციხარს, ციმბირელს, მოღალატეს." - ამბობს ნინო კარგარეთელი.

რაც შეეხება საშიკო კარგარეთელს, ის ლევილის სასაფლაოზე არის დაკრძალული. ,,აღდგომას მამიდაჩემი ბელგიიდან გადადის და იხსენიებენ მის სულს. მადლობა უფალს, რომ შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ კი გვინდა გადმოსვენება, მაგრამ შესაძლებლობა არა გვაქვს არანაირად" - ამბობს ნინო კარგარეთელი.

კარგარეთელების ოჯახის წარმომადგენელი იყო ია კარგარეთელიც, კომპოზიტორი. რომლის სიმღერა ,,ლალე" მიხეილ ჭიაურელმა ფილმში ,,გიორგი სააკაძე" გამოიყენა. ,,ლალეს" ფილმში პაატა მღერის, რომლის მოკვეთილი თავი სწორედ ერთაწმინდის ტაძარშია დაკრძალულ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები