ახალი ამბები
მეჯვრისხეველი ბიჭის ამბავი, რომელიც ინგლისის ჯარისკაცებმა 1919 წელს გორიდან წაიყვანეს
შალვა გიგოლაშვილი (იგივე ჩარლზ ზახაროვი) 14-წლის იყო, როდესაც ინგლისელმა ჯარისკაცებმა გორიდან ბრიტანეთში წაიყვანეს. ეს მოხდა 1919 წელს. ჩარლზმა იცოცხლა 1994 წლამდე და, ბოლოს, ავსტრალიაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

ღრომიდან სიდნეიში

ჩარლზი, იგივე შალვა გიგოლაშვილი 1905 წელს გორის მაზრის სოფელ ღრომში (მეჯვრისხევის ერთ-ერთ უბანი, რომელიც ამჯამად ოკუპირებულია) დაიბადა. გორში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. მათი საცხოვრებელი სახლი რკინიგზის სადგურთან ახლოს იდგა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დედა და მამა პატარა ჩარლზს ბოლშევიკებმა მოუკლეს, თუმცა საბჭოთა საქართველოში მცხოვრებმა მისმა ბიძაშვილებმა იცოდნენ, რომ მშობლები ქოლერამ იმსხვერპლა.

1919 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობა მართავდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, სადაც ბოლშევიკები (რუსეთის ბოლშევიკების წაქეზებით) აჯანყებებს აწყობდნენ.

საქართველოში კი, ინგლისელთა არმია იდგა იმ მიზნით, რომ, როგორც ავსტრალიელი ისტორიკოსები წერენ, საქართველო თეთრგვარდიელებისგან დაეცვა. თეთრგვარდიელების დამარცხების შემდეგ, კავკასია ბრიტანელებმა დატოვეს. წითელგვარდიელებმა კი რუსეთში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს.

რაც შეეხება პატარა შალვა გიგოლაშვილს (შემდგომში ჩარლზი) ბრიტანელმა ჯარისკაცებმა, საქართველოს დატოვების შემდეგ, საკუთარ სამშობლოში წაიყვანეს. ერთ-ერთ ჩინოსანთან 14-წლის ბიჭი მოჯამაგირედ მუშაობდა. ობლად დარჩენილი მოზარდი მარტო არ დატოვეს.

როგორც შემდგომში გაირკვა, ჩარლზს საქართველოში ბიძაშვილები დარჩა.

ბიძაშვილებმა 1919 წლიდან 1977 წლამდე ,,ზახარიჩის" შესახებ აღარაფერი იცოდნენ. ჩარლზის მამას ოფიციალურად ნიკოლოზი ერქვა, თუმცა ზახარას უწოდებდნენ. ზედმეტი სახელი იყო ,,მუკა". ინგლისში წასულმა მოზარდმა არ დაივიწყა მამის სახელი. გვარად ,,ზახაროვი" გახდა. ავსტრალიაში დღემდე პოპულარულია ჩარლზ ზახაროვის ისტორია. ჩარლზის ამბავი საბჭოთა წლების მკვლევარებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა.



ძებნა საქართველოში - როგორ ეძებდა უფლისციხელი შალვა გიგოლაშვილი ღრომელ შალვა გიგოლაშვილის ნათესავებს

გორის რაიონში, კერძოდ, სოფელ უფლისციხეში ცხოვრობდა კიდევ ერთი შალვა გიგოლაშვილი, რომელიც ასაკით ჩარლზ-შალვა გიგოლაშვილს  ჩამოუვარდებოდა. მან, ავსტრალიაში მცხოვრები მოსახელისა და მოგვარის შესახებ, 1977 წელს შეიტყო.

პედაგოგმა შალვა გიგოლაშვილმა ზეღდულეთის სკოლიდან დაბრუნებისას საგაზეთო ჯიხურში გაზეთი ,,სამშობლო" იყიდა. ერთ-ერთ გვერდზე ნახა, რომ ვინმე ,,შალვა გიგოლაშვილი ეძებს თავის ნათესავებს გორის რაიონში". გაზეთის ფურცლებზე გამოსახული ჩარლზ-შალვა გიგოლაშვილის ახალგზრდობის ფოტო.

პედაგოგმა სოფელ უფლისიცხეში პაპას და ბებიას (ჯერ კიდევ ცოცხლები ჰყავდა) ჰკითხა, ხომ არავინ ჰყავდათ ახლობელი საზღვარგარეთ. უფლისციხელებმა ასეთი ვინმე ვერ გაიხსენეს და დაასკვნეს, რომ ავსტრალიაში მცხოვრები ჩარლზი მათი ნათესავი არ იქნებოდა. 2 კვირის შემდეგ პედაგოგს, შალვა გიგოლაშვილს გორის ქალაქკომის მდივანი ბერიანიძე იბარებს. კაბინეტში შესულს ,,გიგოლაშვილის გვარის" წარმომადგენლები დახვდნენ. ქალაქკომის მდივანმა, როგორც ინტელიგენტს და პედაგოგს, უფლისციხელ შალვა გიგოლაშვილს ჩარლზის ახლობლების მოძებნა დაავალა.

,,დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ სად და როგორ მომეძებნა მისი ახლობლები. ვკითხულობდი ყველგან. სტატისტიკის სამსახურში ერთი ხნიერი კაცი მუშაობდა. იმან მითხრა, მაგ გვარის ხალხი მეჯვრისხევის ზევით რომ სოფელია, იქ ცხოვრობენო. ბიეთი ერქვა იმ სოფლებს. დავბრუნდი სახლში. იმ დროს რემონტი მქონდა ბინაში და გამახსენდა, რომ ერთ-ერთი მუშა მეჯვრისხევის სიახლოვეს მდებარე სოფელ ღრომიდან იყო. ბიეთი თითქმის აღარც არსებობდა, დაცლილი იყო ხალხისგან. მითხრა, წავიდეთ ღრომში და მოხუცებს ეცოდინებათო - იხსენებს შალვა გიგოლაშვილი.

მართლაც, წავიდნენ ღრომში (მეჯვრისხევის სიახლოეს). პედაგოგმა ღამე იქ გაატარა. უთხრეს, რომ ძველი ამბები 90-წლის ასაკის კაცს ეცოდინებოდა, რომელიც ცხინვალში ცხოვრობდა.

,,მუკას" ბიჭი

ღრომი ოსური სოფელია. ჩარლზის მოსაძებნად შალვა გიგოლაშვილი ამ სოფელში ჩავიდა. ,,ეგ უეჭველი მუკას ბიჭი იქნება." - უთხრა ერთმა მოხუცმა კაცმა პედაგოგ შალვა გიგოლაშვილს. ,,მაგის ბიძაშვილიც ცხინვალში ცხოვრობს. ანახეთ ფოტო და იცნობსო" - უთქვამს მოხუცებულს.

მართლაც, გაზეთით ხელში შალვა გიგოლაშვილი ამჯერად ჩარლზის ბიძაბიშვილებთან წავიდა და ვარაუდიც გამართლა. უშუალოდ ის პიროვნება ნახა, რომელიც პატარა ჩარლზთან ერთად გორში იზრდებოდა.
ბიძაშვილმა ტირილი დაიწყო და დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც მოზარდი გორიდან გაუჩინარდა:

,,ამ კაცმა მითხრა, რომ ავსტრალიაში მცხოვრები შალვა გიგოლაშვილი პატარაობისას მასთან ერთად იზრდებოდა. დედა და მამა ქოლერისგან დაღუპვია. სამხედრო პოლიგონზე ინგლისელი ჯარისკაცები გაუცვნია და მათ გაყოლია ინგლისში." - იხსენებს შალვა გიგოლაშვილი.



ფოტოზე: ჩარლზ ზახაროვის წერილი შალვა გიგოლაშვილს, სადაც უხსნის, რომ საბჭოთა კანონის მიხედვით, უკრძალავენ ხშირად კონტაქტს, რადგან ორი წერილი უკან დაუბრუნდა.

შეხვედრა ქართველებთან ავსტალიაში

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოში ანსამბლი ,,სუხიშვილები" მოგზაურობდა. ერთ-ერთ კონცერტზე ჩარლზ გიგოლაშვილის შვილი, პეტრე იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას მამისთვის უთქვამს:

,,რუსების კონცერტზე ვიყავი და ძალიან მაგრა ცეკვავდნენო. როცა მამამის გაუგია, რომ ჩოხები ეცვათ მოცეკვავეებს და დოლ-გარმონზე უკრავდნენ, წამომხტარა - ეგენი რუსები კი არა, ქართველები არიანო. აბა, მე რუსი ვარო?" - ამბობს შალვა გიგოლაშვილი.

ჩარლზი მაშინვე წასულა ,,სუხიშვილებთან" შესახვედრად. შეხვდა ილიკო სუხიშვილს და უთხრა, რომ იგი საქართველოდან იყო:

,,საიდან ხარ წარმოშობითო, უკითხავს ილიკო სუხიშვილს. საქართველოდან ვარო. მეც საქართველოდან ვარო. სად ცხოვრობდიო, გორშიო. მთლად ჩემი მიწა-წყლის ყოფილხარო. მერე რომ გაუგია სუხიშვილს, რომ სოფელ მეჯვრისხევიდან იყო, მთლად გადარეულა. მეც მეჯვრისხეველი ვარო. საბოლოოდ, ილიკო სუხიშვილის დამსახურებაა, რომ ჩარლზი საქართველოში დაბრუნდა" - ამბობს შალვა გიგოლაშვილი.

ილიკო სუხიშვილს ფოტოსურათი საქართველოში წამოუღია. გაზეთ ,,სამშობლოს" რედაქციაში გაუგზავნიათ ახალგაზრდობის ფოტო. ამ ფოტოზე გამოსახული ჩარლზი კი, ღრომელემა პატარა შალვა ამოიცეს.

მას შემდეგ, 90-იან წლებამდე უფლისციხეში მცხოვრები შალვა გიგოლაშვილი მოგვარეს და მოსახელეს, ჩარლზ (შალვა) გიგოლაშვილს წერილებს უგზავნიდა. პასუხიც მოდიოდა. იმის გამო, რომ მაშინდელი ,,კაგებე" უცხოელებთან ხშირ კომუნიკაციას კრძალავდა, უფლისციხელი შალვა გიგოლაშვილი წერილებს ,,მოსკოვი-თბილისის" მატარებლის საფოსტო ყუთში აგდება.

,,იყო შემთხვევები, რომ აქაური ფოსტა არ გზავნიდა წერილებს. ამიტომ, პირდაპირ მოსკოვის მატარებლის ყუთში ვაგდები. მერე ეს მატარებელი გაუქმდა. ქვეყანა აირია. ჩარლზი 1994 წელს გარდაიცვალა და მის შთამომავლებთან კონტაქტი აღარ მაქვს" - ამბობს ჩვენთან საუბარში შალვა გიგოლაშვილი. ისიც უკვე 80 წლისაა. ცხოვრობს სოფელ უფლისციხეში.

ქვემოთ იხ. ინტერვიუ შალვა გიგოლაშვილთან (სოფელი უფლისციხე)


Print

სტატიის გამოყენების პირობები