ახალი ამბები
როგორ უნდა მოიქცნენ ტურისტები და ვიზიტორები ,,კლდის ძეგლებზე" - უფლისციხის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას ვიზიტორთა საყურადღებოდ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადება ზაფხულის სეზონზე მუზეუმ ნაკრძალების ტერიტორიებზე ტურისტებისა და მოზარდთა ჯგუფების მოჭარბებულ ნაკადებთან დაკავშირებით გავრცელდა.

სააგენტო, ფიზიკური ტრამვის პრევენციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სტუმრად მყოფ თანამოქალაქეებსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვას სთხოვს.

,,მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების უსაფრთხოების ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღჭურვისა და ადმინისტრაციებში "საიტ-მენეჯერებისა" და მეთვალყურეების არსებობის მიუხედავად, საფორტიფიკაციო დანიშნულების არქიტექტურულ კომპლექსებზე და "კლდის ძეგლებზე" (უფლისციხე, ვარძია, დავით გარეჯის კომპლექსი.. ) არსებობს ტრამვული დაზიანების მიღების რისკი, რაც ვიზიტორთა ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს და გიდებს მეტ ვალდებულებას აკისრებს. მუზეუმ-ნაკრძალების არეალებში სტუმრად მყოფ ტურისტებს, მოზარდთა ჯგუფებს და მათ ხელმძღვანელებს სააგენტო უპირატესად დადგენილი მარშრუტებით სარგებლობას სთხოვს." - აღნიშნულია განცხადებაში.

მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა მხრიდან უსაფრთხოების წესებისა და განსაზღვრული მარშრუტების უგულვებელყოფის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შესაძლო უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის.

შეგახსენებთ, 26 მაისს, უფლისციხეში ვიზიტის დროს, 7-წლის ბავშვი ,,ქურუმთა გამოქვაბულთან" ბავშვი გადავარდა, რომელსაც ექიმების ცნობით წვივის მოტეხილობა და სახეზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები