ახალი ამბები
რუსული არხები ეთნიკურ უმცირესობებში
რუსული მედიის მომხმარების მაჩვენებელი ეთნიკურ უმცირესობებში, რიგი საკითხების მიმართ განწყობებზე, პირდაპირ აისახება - ასეთია დასკვნა კვლევისა, რომელიც ,,მედიის განვითარების ფონდმა" უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რუსული პროპაგანდის გავლენასთან დაკავშირებით ჩაატარა.

ფოკუს ჯგუფებში ადამიანების 61.5%-მა, ინფორმაციის მიღების წყაროდ, რუსული ,,ოდნოკლასნიკი" დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა, 65%, აღნიშნულ ქსელს არ ენდობა.

NDI-ს კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა იმ 18%-ს შორის, რომელიც ამბობს, რომ უცხოენოვან არხებს უყურებს, ყველაზე დიდი - 34%-იანი წილი რუსეთის პირველ არხზე მოდის.

qartli.ge, კვლევის ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, დაინტერესდა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თედოწმინდის მოსახლეობის დამოკიდებულებით. იქ 85% ეთნირკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. შემდეგ მოდის, ოსები და ქართველები. როგორც უშანგი ხაჩირაშვილი ამბობს, ეთნიკური ბალანსი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში, საცხოვრებელი სახლები უმეტესად ეთნიკურმა ოსებმა მიატოვეს. დაცარიელებული სახლების შესყიდვა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა დაიწყეს.

შალვა შახვერდოვი აცხადებს, რომ იგი ძირითადად აზერბაიჯანულ და რუსულენოვან არხებს უყურებს, რადგან ქართულ არხებს, ზოგადად, არ ენდობა. ენდობა მხოლოდ რუსთავი 2-ს. ასევე, უყურებს აჭარის ტელევიზიას, თუმცა დიდი სიხშირით არა. აცხადებს, რომ მისთვის რუსული არხები უფრო მეტად საინტერესოა.

უშანგი ხაჩირაშვილი და დალი კუსრაძე, ძირითადად, ქართულ არხებს უყურებენ. ყველაზე მეტად რუსთავი 2-ი მოწონთ. გურამ კანიაშვილს კი, რუსული არხები საერთოდ არ აინტერესებს. მისი თქმით, ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი და, შესაბამისად, რუსული არხების მიმართ განწყობა ნეგატიურია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები