ახალი ამბები
კანადელმა მოქალაქემ გორში იპოვა საფლავი მამისა, რომელიც გასტროლებზე ყოფნის დროს დაიღუპა
ნატალია ოჯახთან ერთად კანადაში 1991 წლიდან ცხოვრობს. მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთიდან გადავიდა. საქართველოს პირველად 1980 წელს ესტუმრა.

35-წლის შემდეგ საქართველოში კვლავ მამის საფლავის მოსანახულებლად ჩამოვიდა. მამამისი მოსკოვის თეატრის მსახიობი სერგეი შაბანოვი იყო, რომელიც გორში გასტროლებზე ყოფნის დროს დაიღუპა.

,,ეს მოხდა 1951 წელს. გორში გასტროლებზე იმყოფებოდნენ და სცენაზე დაიღუპა. აქვე დაკრძალეს. მე მახსოვს, 3-წლის ვიყავი, როცა სახლში მოდიოდა, ეცვა ხოლმე შავი პიჯაკი. მის საფულეში ყოველთვის ჰქონდა პატარა შოკოლადი ჩემთვის" - იხსენებს ქალბატონი ნატალია.

მამის საფლავის მოსანახულებლად მეორედ გასული, 2018 წლის ზაფხულში ჩამოვიდა. იმ დროს სერგეი შაბანოვის საფლავს ვერ მიაგნეს. გორის სასაფლაოს ახლადდანიშნულმა დირექტორმა შალვა ტერმაკოზაშვილმა, თანამშრომლებთან ერთად, ძებნა არ შეწყვიტა.

,,ვისაც კი რამე ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდა, მოვიკითხეთ. მათ შორის, მსახიობ ბატონ ანზორ გვაძაბიასთან. ის უკვე 80-წლისაა და შესაძლოა რაიმე სცოდნოდა. თუმცა, 50-იანი წლების პერიოდის ამბავზე არ იცოდა. ამ ქალბატონმა გვითხრა, რომ თუ ვიპოვიდით საფლავს, გვთხოვა, რომ შეეტყობინებინათ. ჩვენ საფლავი წელს, იანვარში ვიპოვეთ. გადავიღეთ ფოტოები და გავუგზავნეთ კანადაში. ეს ფაქტი მისთვის ძალიან სასიხარული აღმოჩნდა და ჩვენც გვიხარია, რომ ასეთი სიხარული მივანიჭეთ" - ამბობს შალვა ტერმაკოზაშვილი.

ქალბატონი ნატალია საქართველოში, როგორც გითხარით, 2018 წელს ჩამოვიდა. ის დაუკავშირდა ახლობელს, თბილისში, გოჩა ყანჩაშვილს. გოჩა ყანჩაშვილის დახმარებით მიმართეს გორის მერიას და მის შესაბამის სამსახურს.

,,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა დიდი გული აქვს ქართველს. მე მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს. ჩვენს ოჯახს ყოველთვის უყვარდა საქართველო, მისი სიმღერები, ჩვეულებები." - ამბობს ქალბატონი ნატალია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები