ახალი ამბები
ხაშურში ავტობანზე მომუშავე მუშები შუამავალს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ
მუშები, რომლებიც ხაშურთან ავტობანის მშენებლობაზე მუშაობენ, კომპანია "სინო ჰიდროსგან" სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პოლიციის შენობასთან განუცხადეს.

მათი თქმით, 11 კაცის ხელფასი ერთმა ადამიანმა მიითვისა. ეს ადამიანი შუამავალი გახლავთ, რომელმაც მძღოლები სამშენებლო კომპანიაში სამუშაოდ მიიყვანა. 

,,სამუშაოდ მიგვიყვანა ბელა მუსრაფაევმა. გვქონდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ აგვინაზღაურდებოდა თანხა. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს. ჩვენი კუთვნილი თანხა კომპანიამ ამ შუამავალს დაურიცხა." - აცხადებენ მუშები.

ხაშურის პოლიციასთან შეკრებილი მუშები (ისინი სატვირთო მანქანების მძღოლებად მუშაობენ) პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე შეიყვანეს. უცნობია, სამშენებლო კომპანიის პოზიცია. ავტობანზე ჩინური კომპანია ,,სინო ჰიდრო" მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები