ახალი ამბები
შიდა ქართლიდან საპენსიო ასაკის 400- ზე მეტი პედაგოგი სკოლიდან წასვლას აპირებს
საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას შიდა ქართლიდან 400-ზე მეტი პედაგოგი დათანხმდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

სამსახურიდან წამსვლელ პედაგოგების ყველაზე მეტი რაოდენობა გორის სკოლებზე მოდის, რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ხაშურში 2-წლიან კომპენსაციას 79 პედაგოგი, ქარელში - 74 პედაგოგი, კასპში - 60-ზე მეტი მიიღებს.

მონაცემები შედარებით სრულყოფილად ქარელსა და ხაშურში დაითვალეს, გორისა და კასპის რესურსცენტრის მონაცემები მიახლოებიათია.

"გორის მუნიციპალიტეტში შეთავაზება 200-ზე მეტმა საპენსიო ასაკის მოქმედმა პედაგოგმა მიიღო, ისინი გამოცდებზე არ დარეგისტრირებულან. რეგისტრაცია 24 მაისს შეწყდა. ამ პედაგოგებს სტატუსი არ შეჩერებიათ. ზაფხულის ხელფასს ჩვეულებრივად აიღებენ. ელოდებიან სექტემბერს, რომ ოფიციალურად განაცხადონ სისტემიდან წასვლის შესახებ და მიიღონ დაპირებული 2 წლის ხელფასი ერთად"- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, 2019 წელს ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს მიიღებენ.

რდ ჯილფო ორი წლის ჯამური ხელფასის. ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ღვაწლმოსილი პედაგოგი ასპარეზს ახალგაზრდა კადრს უთმობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები