ახალი ამბები
ხურვალეთის სკოლაში პედაგოგი დირექტორს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში დირექტორს, იზა წიქარიძეს პედაგოგი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. საქმე სამეურვეო საბჭოს არჩევნებს და მის პროცედურებს ეხება.

ზიზი კურმაშვილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს შესახებ, ინფორმაცია პედაგოგებს მას შემდეგ გააცნო, როდესაც სასურველი კადრები უკვე შეარჩია:

,,ჩვენ მოულოდნელად გავიგეთ ამის შესახებ. საარჩევნო კომისიის კანდიდატების წარსადგენის ბოლო ვადა გასული კვირის ოთხშაბათს ყოფილა. ეს ამბავი შემთხვევით გავიგე და როდესაც მოვიკითხეთ ინფორმაცია, გვითხრეს, რომ სკოლამ რესურცენტრში მონაცემები უკვე წარადგინა" - აცხადებს ზიზი კურმაშვილი.

ზიზი კურმაშვილი აცხადებს, რომ საინფორმაციო დაფაზე განცხადება არ იყო გამოკრული.

,,როდესაც დავიწყე დარეკვა რესურცენტრში, უფლებადამცველებთან, მხოლოდ, ამის შემდეგ, გამოაკრეს სკოლაში მინისტრის ბრძანება. ისიც ისეთ ადგილზე, რომ არ არის თვალსაჩინო ადგილზე" - ამბობს ზიზი წიქარიძე.

გორის რესურცენტრის ხელმზღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ სკოლის დირექტორებს, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მითითებულ ვადებში უფლება ჰქონდათ პროცედურები დაეცვათ:

,,ინფორმაცია სკოლებიდან ეტაპობრივად მოდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სკოლამ წარმოადგინა საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია. წარმოდგენილია 5 კანდიდატი. რაკი კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს 5, შემადგენლობა სრულად დამტკიცდება. გვქონდა ორ სკოლაში შემთხვევა, რომ კანდიდატების რაოდენობა მეტი იყო და ჩავატარეთ წილისყრა." - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ხურვალეთის სკოლაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე არ დაგვხდნენ. სკოლის კარი დარაჯმა გაგვიღო და მისი დახმარებით მინისტრის ბრძანება სამასწავლებლოს კედელზე გამოკრული ვნახეთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები