ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალი პაციენტის გარდაცვალებაზე: ,,დადგა უეცარი სიკვდილი"
გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31-წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ექიმი განმარტებას აკეთებს. ნელი ჯავახიშვილის ინფორმაციით, პაციენტი თბილისში ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში უნდა მოეთავსებინათ, თუმცა დადგა უეცარი სიკვდილი:

,,31-წლის მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა 2 ივნისს. წინასწარ ჩაუტარდა კვლევა და დაუდგინდა მწვავე პნევმონია. კერძოდ, მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილის ტუბერკულომა. ამ კვლევის საფუძველზე თერაპიულ განყოფილებაშის ინტენსიურ ბლოკში მოთავსდა. მიმდინარე მკურნალობის ფონზე მდგომარეობა იყო სტაბილური. დღეს პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში გონი უეცრად დაკარგა. მაშინვე ბრიგადა გამოვიძახეთ. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო. 17.30 წუთზე დაფიქსირდა უეცარი სიკვდილი." - აღნიშნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ჰოსპიტლის ექიმმა, ინფექციური განყოფილების წარმომადგენელმა ნელი ჯავახიშვილმა.

ჰოსპიტლის ექიმის განმარტებით, მკურნალ ექიმთან შეთანხმების თანახმად, პაციენტი დილით შემდგომი კვლევებისთვის თბილისში ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში უნდა გადაეყვანათ. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულოს სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


იხ. ამავე თემაზე:

გორის ჰოსპიტალში 31-წლის მამაკაცი გარდაიცვალა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები