ახალი ამბები
გორის მერი: ,,სტალინის მუზეუმის გადმოცემის მოთხოვნით მინისტრს შევხვდები"
გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი კულტურის მინისტრთან სტალინის სახლ-მუზეუმის გადასაცემად შეხვედება. ამის შესახებ მერმა ქარტლი.გე-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მინისტრთან შეხვედრა დაგეგმილი აქვს.

,,ეს ჩემ გეგმებში შედის. ამ საკითხზე მინისტრთან შეხვედრას ვგეგმავ და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სტალინის მუზეუმი გორის მერიას გადაეცეს" - აღნიშნა კოტე თავზარაშვილმა.

სტალინის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთარი შემოსავლები აქვს, ხოლო მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ყოველწლიურად, მუზეუმში 200 000-მდე ვიზიტორი და ტურისტი სტუმრობს, შემოსავალი კი, მილიონ ლარამდე ადის. თანხის ის ნაწილი, რომელსაც მუზეუმი საკუთარი მიზნებისთვის ვერ ხარჯავს, სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის.

გორის მერიის ბალანსზე გადმოცემის შემთხვევაში შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები