ახალი ამბები
მარხვის დასრულება თედოწმინდაში (VIDEO)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში მუსლიმებმა მარხვის დასრულება აღნიშნეს. საერთო შეკრება სოფლის სარიტუალო დარბაზში მოეწყო.

ადგილობრივი მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ეს დღე განსაკუთრებულია, რადგან გაჭირვებულებს ეხმარებიან.

,,რაც ყველაზე მთავარია, გაჭირვებულებმა არ იციან, თუ ვინ ეხმარება მათ. ვახშმობისას ერთმანეთს მარხვის დასრულებას ვულოცავთ" - ამბობს შალვა შახვერდოვი.

ისინი ერთი თვეა მარხულობენ. ერთი თვის განმანვლობაში საკვებს, მხოლოდ, ღამის 9 საათზე და გამთენიისას, დილის 4 საათზე ჭამდნენ. მარხვის პერიოდში აკრძალულია ღორის ხორცის და ალკოჰოლის მიღება.

მარხვის დასრულებას სოფლის თავკაცი თეიმურაზ აღჩანოღლი უძვება, რომელიც ლოცვის შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდებს რელიგიურ ტრადიციებზე ესაუბრება.

საერთო დღესასწაულს ახალგაზრდებიც ესწრებიან. წლევანდელი მარხვა მნიშვნელოვანი იყო ალვინა აღჩანოღლისთვისაც. ფიქრობს, რომ მისი წლევანდელი წარმატება სწორედ ამ ტრადიციის დაცვის შედეგია.

,,მე მარხვას უკვე მეორე წელია ვიცავ. შარშან გამიჭირდა, მხოლოდ, 4 დღე დავიცავი. წელს უფრო გამიადვილდა. წელს ბევრ წარმატებებს მივაღწიე სწავლაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ მარხვა დამეხმარა ამ წარმატების მიღწევაში" - ამბობს ალვინა აღჩანოღლი.

სოფელში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. საერთო სალოცავი არა აქვთ. ყურანის ლოცვებს ყველა ოჯახი საკუთარ სახლში აღავლენს. თედოწმინდაში ცხოვრობენ ქართველები და ოსებიც.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები