ახალი ამბები
კასპის რაიონში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მომხდარი მკვლელობა პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ძალოვანი უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 40 წლამდე მამაკაცია დაკავებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - 1952 წელს დაბადებულ შ.ო.-ს და 1969 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა შ.ო.-ს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა.

მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები