ახალი ამბები
გორის წისქვილკომბინატ "კარმენს" აზერბაიჯანელები ყიდიან
აზერბაიჯანული კომპანია "კარნმენი" იყიდება. ამის შესახებ qartli.ge-ს "კარმენის" დირექტორმა ზაზა ჯაფარიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კომპანია გაყიდვამდე ფქვილის წარმოებას ნაწილობრივ აჩერებს. ჯაფარიძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ "კარმენმა" 81 თანამშრომელს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას გაუგზავნის.

"კომპანიაში მუშაობას გააგრძელებს 26 თანამშრომელი. წისქვილკომბინატი იმუშავებს ნახევარი დატვირთვით. არსებული რესურსით გავაგრძელებთ ხორბლის შესყიდვას,  გადამუშავებას და რეალიზაციას. ეს გაგრძელდება კომპანიის გასხვისებამდე. ფასი ჩემთვის უცნობია, მეც ისეთივე დაქირავებული ვარ, როგორც სხვები. 81 თანამშრომელს დღეს წერილობით ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თანამშრომლები დაკმაყოფილდებიან კომპენსაციით"-აცხადებს "კარმენის" დირექტორი ზაზა ჯაფარიძე.

"კარმენის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილები უკვე მიიღეს,  სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩნევენ და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

წისქვილკომბინატის პროფკავშირების თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე აცხადებს, რომ ეს არის პასუხი მიმდინარე წლის მარტში გამართულ მათ აქციებზე, როდესაც გაიფიცნენ და ხელფასების მომატებასთან ერთად, სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები