ახალი ამბები
ალექსანდრე ზაზარაშვილი - რუისიდან
რუისელები და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები 23 ივნისის დადგომას მოუთმენლად ელიან. ამ დღეს უკრაინულ ვოისის მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ალექსანდრე ზაზარაშვილიც მონაწილეობს. პირველ ტურში მიღწეულმა მისმა წარმატებამ მთელი ქვეყანა გააოცა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა. ის რუისის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს.

,,ყველა საგანი ძალიან მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად - ქართული. ასევე, ინგლისური ენა. როდესაც ,,უკრაინულ ვოისში" ჩემი გამოსვლა გავიდა და დავბრუნდი, სკოლაში მთელი ჩემი კლასი ტორტით და ბუშტებით დამხვდა. ყვიროდნენ გილოცავთ და ეს ძალიან გამიხარდა და მადლიობელი ვარ მათი"- ამბობს მომღერალი.

ალექსანდრე ზაზარაშვილმა სასიმღერო კარიერა რუისის ხელოვნების სკოლაში დაიწყო. ჯერ გუნდში, ხოლო შემდეგ სოლოს მღეროდა.

"ხელოვნების სკოლაში გაზრდილი გვყავს უამრავი მუსიკის მოყვარული მოსწავლე. ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ პატარა იყო, როცა შემოვიდა ჩვენთან" - გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი მარიკა შერმადინი.

პატარა მომღერალი მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობს. დედამ გულიკო ეგნატაშვილმა ალექსანდრეს შესაძლებლობები მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ის 3 წლის ასაკის იყო.

"საბავშვო ბაღში სულ მღეროდა. მასწავლებლები სულ იმას მეუბნებოდნენ, რომ სიმღერის გარდა, არაფერს აკეთებს. ერთხელ ნაიკო (ალექსანდრეს და) წავიყვანე ხელოვნების სკოლაში, თან მყავდა ალექსანდრეც. იქ რომ ვისხედით, მუსიკის მასწავლებელი თეა ზურაბაშვილი ამეცადინებდა ბავშვებს. რაღაცა მომენტს ეუბნებოდა და ეს ალექსანდრემ უშეცდომოთ იმღერა. იმ დღესვე ჩასვეს გუნდში. ცოტა რომ წამოიზარდა; 5 წლის რომ გახდა, მივიყვანეთ გორში პედაგოგ ნანა სამხარაძესთან. იმის შემდეგ დაიწყო ალექსანდრეს წინსვლა" - იხსენებს მომღერლის დედა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. პირველ წარმატებას ქვეყნის ფარგელბს გარეთ მან ბულგარეთში მიაღწია.

"ბულგარეთში ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება იყო, სადაც გრანპრი ავიღე. დამაჯილდოვეს იმით, რომ სხვა ფესტივალზე წავსულიყავი უკრაინაში. იქაც გავიმარჯვე. ასევე იყო კონკურსი ,,ოქროს მუზა", სადაც ასევე გავიმარჯვე და გამაგზავნეს ესპანეთში. კონკურსი იქაც მოვიგე. " - გვიყვება ალექსანდრე.

უკრაინაში 12 წლის მომღერალთან ერთად მისი მამა გურამ ზაზარაშვილი იყო. საზოგადოებამ მამის ემოციები პირდაპირ ეთერში ნახა:

"მე მონასტერში ვმსახურობ, რუის-ურბნისის ეპარქიაში. რამდენჯერმერ წავიყვანე ტაძარში. ერთ-ერთ მონასტერში დედაოები პატარა ბავშვს მეურვეობდნენ. ალექსანდრეც სულ მათთან იყო ხოლმე. ძალიან შეეჩვია იქაურობას და გახდა სტიქაროსანი. ჯერ ყინწვისის მონასტერში, შემდეგ მეუფე იობთანაც. ახლა უკვე იმდენი დრო აღარ აქვს, რომ გააგრძელოს სტიქაროსნობა" - ამბობს მამა.

"ვოისის" მეორე ტური 23 ივნისს გავა ეთერში.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები