ახალი ამბები
RDFG სამეწარმეო საქმიანობისთვის შიდა ქართლში ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებს (VIDEO)
გორის უნივერსიტეტში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტს ,,გახდი ახალგაზრდა მეწარმე"" ,ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის"" (RDFG) და USAID-ის პროექტი ,,ზრდა"" ერთობლივად ახორციელებენ.

RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულებების ხელმძღვანელის რევაზ ჯაველიძის თქმით, მათი პროექტის ინტერესი რეგიონებში ნიჭიერი ახალგაზრდების პოვნაა.

,, გორში გვქონდა შეხვედრა აქ მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენ პროექტთან დაკავშირებით,რომელიც მოიცავს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებისათვის ტრენინგების ჩატარებას. ჩვენი ინტერესი და მთავარი მოტივაცია არის რომ ვიპოვოთ ნიჭიერი ახალგაზრდები რეგიონებში, ვისაც სურვილი აქვს საკუთარ ცხოვრებაში შეიტანოს ცვლილებები მეწარმეობის გზით და მათ გააქტიურებას ხელი შევუწყოთ ტრენინგების ჩატარებით. ხელი შევუწყოთ რომ მათ თავიანთი საპროექტო იდეები წარმოადგინონ,რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც იძლევა ჩვენი პროექტი"" - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობა მხოლოდ 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გორი, კასპი,ბოლნისი, მარნეული, ბორჯომი, ზუგდიდი, ასპინძა, ადიგენი და ნინოწმინდა.

პროექტის მონაწილეებმა სამეწარმეო იდეები მხოლოდ ოთხი მიმართულებით უნდა წარმოადგინონ. ესენია: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი,ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

ტრენინგის პირველი ეტაპის ხანგრძლივობა 3 დღეა და 21,22,23 ივნისს გაიმართება.

პროექტის ფარგლებში ჟიური სამ გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს გამოავლენს, რომლებიც 10 000, 8 000 და 6 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით დაჯილდოვდებიან.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მაისს დაიწყო და 17 ივნისს დღის 12 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მსურველებმა ვებგვერდზე http://rdfg.ge/ka/training/ უნდა გაიარონ.

,,ოთხი წლის წინ RDFG-ის გრანტი მივიღე, რომლითაც სამეწარმეო საქმიანობა დავიწყე. დღეს ეს სამეწარმეო საქმიანობა ვთვლი რომ არის გარკვეულწილად წარმატებული და ბიზნესი არის მზარდი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ახალგაზრდებმა. მაქსიმალურად უნდა ეცადონ,რომ ეს დაფინანსება მოიპოვონ"" - ამბობს ნინო გიორგაზე, რომელიც გორში RDFG-ის მეწარმეობის ტრენერია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები