ახალი ამბები
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში მიმდინარე არჩევნებს გმობს
,,ეს არის რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობა იმ რეგიონში, სადაც ეთნიკური ქართველების წმენდა მოხდა" - ასე აფასებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში მიმდინარე არჩევნებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტრო გმობს დე-ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. ცხინვალში ე.წ. არჩევნები დღეს 9 ივნისს ტარდება.

,,უკრაინა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას, ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამშვიდობო ნაბიჯებს, მათ შორის ისეთ ინიციატივას, როგორიცაა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ქართველებისა და ოსების შერიგებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალ პარლამენტს ირჩევენ. ამომრჩევლებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, ხმის მიცემა 7 პარტიას შორის უწევს:

,,ერთიანი ოსეთი"; ,,ხალხის ერთობა"; ,,ნიხასი"; ,,სახალხო პარტია"; ,,ერთობა"; კომუნისტური პარტია და ,,ფიდიბასტა", მაჟორიტარულ და პროპორციული სიით, მოსახლეობას საკუთარ კანდიდატებს სთავაზობს.

პარლამენტი 189 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. 17 ოლქში გახსნილია 77 უბანი, მათ შორის, ორი ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო მოსკოვსა და აფხაზეთში თითო-თითო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით 40 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები