ახალი ამბები
კოკოითის პარტია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამომრჩევლის მოსასყიდად 1000 რუბლს იხდიდნენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ,,სახალხო პარტიამ" მმართველი გუნდი ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა. 

ამის შესახებ ,,სახალხო პარტიამ" რამდნიმე ვიდეო და ფოტო გაავრცელა. ვიდეო ავტორი აცხადებს, რომ კადრები ჩრდილოეთ ოსეთში გახსნილ საარჩევნო უბანთანაა გადაღებული, სადაც ცხინვალის რეგიონის მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამომრჩეველს 1000 რუბლს სთავაზობს.

წარმომადგენელმა ცხინვალის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საჩივრით მიმართა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, ვიდეომასალა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას პირის პასუხისგებაში მისაცემად.

დღეს, ცხინვალში, ე.წ. პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. ამჟამად, საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. ოსური მედია არ ავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალ პარლამენტს ირჩევენ. ამომრჩევლებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, ხმის მიცემა 7 პარტიას შორის უწევს:

,,ერთიანი ოსეთი"; ,,ხალხის ერთობა"; ,,ნიხასი"; ,,სახალხო პარტია"; ,,ერთობა"; კომუნისტური პარტია და ,,ფიდიბასტა", მაჟორიტარულ და პროპორციული სიით, მოსახლეობას საკუთარ კანდიდატებს სთავაზობს.

პარლამენტი 189 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. 17 ოლქში გახსნილია 77 უბანი, მათ შორის, ორი ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო მოსკოვსა და აფხაზეთში თითო-თითო. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით 40 000-მდე მოსახლე ცხოვრობს.

,,ეს არის რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობა იმ რეგიონში, სადაც ეთნიკური ქართველების წმენდა მოხდა" - ასე აფასებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში მიმდინარე არჩევნებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტრო გმობს დე-ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. ცხინვალში ე.წ. არჩევნები დღეს 9 ივნისს ტარდება.

,,უკრაინა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას, ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამშვიდობო ნაბიჯებს, მათ შორის ისეთ ინიციატივას, როგორიცაა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ქართველებისა და ოსების შერიგებას" - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები