ახალი ამბები
შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რეადაქტორისთვის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

ძალოვანი უწყების განცხადებაში წერია, რომ მიმართვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესაძლო ფაქტს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის გაშუქების მიზნით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი მედიასაშუალების "qartli.ge"-ს რედაქტორი. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტს. მომართვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის შესაძლო ფაქტს.“-წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ლიახვის ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა, რა დროსაც, პოლიციელებმა მას შემთხვევის ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შეეცადნენ ტელეფონის წართმევას.

„პოლიციელმა, რომელიც ჩემთვის მანამდე ტელეფონის წართმევას ცდილობდა ბრძანა, აენთოთ მანქანების შორი ხედვის მანათობლები, რადგან გადაღება ვეღარ გამეგრძელებინა.“-აცხადებს საბა წიწიკაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები