ახალი ამბები
ეთიკის ქარტია ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორისთვის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს და მიმართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე პროკურატურას, დროულად შეისწავლონ მომხდარი შემთხვევა და დამნაშავე პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

"დაუშევებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამ უფლების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) ისჯება. ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამიტომაც ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ მართლაც მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროვოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება."-ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ლიახვის ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა, რა დროსაც, პოლიციელებმა მას შემთხვევის ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შეეცადნენ ტელეფონის წართმევას.

"პოლიციელმა, რომელიც ჩემთვის მანამდე ტელეფონის წართმევას ცდილობდა ბრძანა, აენთოთ მანქანების შორი ხედვის მანათობლები, რადგან გადაღება ვეღარ გამეგრძელებინა."-აცხადებს საბა წიწიკაშვილი.

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები