ახალი ამბები
შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის ანალიზის კვლევის შედეგები წარადგინეს
კვლევა "მუნიციპალური სოციალური პოლიტიკის ანალიზი შიდა ქართლის მაგალითზე" აანალიზებს შიდა ქართლის რეგიონის — გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს, გამოკვეთს არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებს, აგრეთვე, წარმოაჩენს მოსახლეობის მიერ ადგილობრივი სოციალური პროგრამების შეფასებას.

კვლევა ეყრდნობა თვისებრივი კვლევისათვის დამახასიათებელ მეთოდებს, როგორიცაა სამაგიდო კვლევა, სიღრმისეული და ფოკუს-ჯგუფის ინტერვიუები. სამაგიდო კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე შემუშავებული, სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი და დოკუმენტი.

მუნიციპალურ დონეზე, სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის შესწავლის და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისთვის სამიზნე მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა. ამასთანავე, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ოთხი ფოკუს-ჯგუფის ინტერვიუ გაიმართა, რაც მიზნად ისახავდა ერთი მხრივ, მოწყვლადი ჯფუფების საჭიროებების, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიერ არსებული სოციალური პროგრამის შეფასების შესწავლას.

შეგროვებულ მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკის (სოციალური ბიუჯეტის, სოციალური პროგრამებისა და ქვეპროგრამების) შემუშავებისა და განხორციელების პროცესი არასისტემატიზებულია, ხოლო პროცესის შემადგენელი აქტივობები არათანმიმდევრულად და არასრულყოფილად ხორციელდება. მუნიციპალური ხელისუფლება სოციალური პროგრამის დაგეგმვის დროს აცნობიერებს მოწყვლადი მოქალაქეების პრობლემებისა და გამოწვევების კვლევის საჭიროებას, თუმცა, მოსახლეობის საჭიროებათა შესწავლა ფრაგმენტულად ხორციელდება.

კვლევამ აჩვენა, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში, სოციალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა არასაკმარისადაა უზრუნველყოფილი. ხალხის თქმით, პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით მათ არავინ ეკითხება აზრს და ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც მოქალაქეები ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ ჩართული. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ხელისუფლება მათი საჭიროებებით უფრო აქტიურად უნდა დაინტერესედეს იმისთვის, რომ ადგილობრივი სოციალური პროგრამა მოსახლეობის რეალური ინტერესების შესაბამისად დაიგეგმოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები