ახალი ამბები
"ხაშურსერვისის" თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს
გამოძიების ვერსიით, ,,ხაშურსერვისის" თანამშრომელი დიმიტრი ზავარიანი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. შემთხვევა ცხოველთა თავშესაფრის გვერდით არსებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ზავარინი საღამოს საათებში სამსახურიდან მივიდა.

საცხოვრებელ სახლში ზავარინს კამათი მოუვიდა ოჯახის წევრებთან, სადაც და, ძმა და დედა ცხოვრობენ. შს სამინისტროს ცნობით, ზავარიანმა ეჭვიანობის ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ გოგონას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დაპირისპირება მოხდა ოჯახის სხვა წევრებთანაც.

"შემთხვევა საღამოს, არასამუშაო საათებში მოხდა. ვიცი, რომ ჩვენი თანამშრომელი დაჭრილია მუცლის ღრუში და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს"- უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს "ხაშურსერვისის" ხელმძღვანელმა ნუკრი ცხოვრებაძემ.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია იმ ოჯახის წევრი მამაკაცი, რომელთანაც ზავარიანი მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები