ახალი ამბები
ქარელის კულტურის ახალ შენობაში კანალიზაცია არ მუშაობს
ქარელის კულტურის სახლში ფეკალური მასები ცენტრალურ საკანალიზაციო მილშია გაჭედილი. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ალექსი ჯოჯიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მილი, სავარაუდოდ, არასწორადაა დამონტაჟებული. ჯოჯიშვილის განცხადებით, პრობლემები სხვა ადგილებშიცაა.

"დაზიანებულია საპირფარეშოების მილებიც. ცენტრალურ საკანალიზაციო მილში სავარაუდოდ გაჭედილია ფეკალიები და ვეღარ ატარებს, უნდა ამოცვალონ მილი. ასევე დაზიანებული და ამოსაცვლელია ტექნიკური წყლის მილი. ხელსაბანებიც დამტვრეულია, სტუმრებმა დააზიანეს, რადგან საპირფარეშოები გარეთ არის" - ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან.

ჯოჯიშვილმა qartli.ge-სთან დაადასტურა, რომ კულტურის სახლის გარე საპირფარეშოები 2015 წელს გაკეთდა.

ის, რომ ქარელის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს უხარისხოდ შესრულდა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც წერია.

"აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ კულტურის სახლის აივანზე მეტლახი აყრილია, რამდენიმე ადგილზე სახურავიდან და აივნიდან წყალი ჩამოვიდა, რის გამოც დაზიანდა ჭერი და კედლები. ასევე, საპირფარეშოში კაფელი დაზიანებულია და სხვა. მუნიციპალიტეტმა რამდენჯერმე მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მიმწოდებელმა ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ ობიექტზე დაზიანებული ადგილები კვლავ წარმოიშვა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები. " - აღნიშნულია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტს კულტურის სახლთან დაკავშირებით რეკომენდაციებითაც მიმართა.

"მუნიციპალიტეტის გამგეობამ დანერგოს კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად; რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდებას ხარვეზების გარეშე" - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ქარელის მუნიციპალიტეტის აუდიტორული კვლევა 2017 წელს გამოქვეყნდა.

ამჟამად, ქარელის კულტურის სახლის წყლის და საკანალიზაციო გაყვანილობის აღდგენის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 5 395 ლარია. კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს ჩატარდა, რაზეც 963 000 ლარი დაიხარჯა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები